პრეზიდენტმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტმა მინისტრთან რეგიონში შექმნილი ვითარება და შვედეთის, როგორც ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2021 წელს ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში შვედეთის სამოქმედო პრიორიტებები მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება და ქალთა საკითხები იქნება.
საუბრისას განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
მხარეებმა ისაუბრეს შვედეთის როლის მნიშვნელობაზე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის პროცესში და განიხილეს საქართველოს მოლოდინები მომავალი წლის მარტში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის არსებული ფორმატი უნდა გაძლიერდეს, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უსაფრთხოდ, სამართლიანად, დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარდება.