ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი

2020 წელს ორი დიდი კინოხელოვანის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით იტალიის საელჩო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს:

2 ოქტომბერს გაიხსნება გამოფენა „ფედერიკო ფელინის „8½” პოლ რონალდის ფოტოსურათებში”, რომელიც წარმოადგენს ამ ფილმის გადასაღები მოედნის, თავად რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის, მარჩელო მასტროიანის ამსახველ 30 ფოტოსურათს.
გამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართება ფილმ „ამარკორდის” (1973წ.) ჩვენება. ამ ფილმით ფელინი და გუერა მათთვის მშობლიურ ადგილს, რომანიას უბრუნდებიან. მართლაც, „ამარკორდი” ნამდვილ თუ გამოგონილ ამბებსა და მოგონებებზე აგებული ფილმია, რომელზეც თავად გუერა ასე ამბობდა: „ჩვენ შევძელით და სამყაროს ბავშვობა ვაჩუქეთ”.
3 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება 1963 წელს გადაღებული და ორი „ოსკარით“ დაჯილდოებული სიურეალისტური ფილმი “8½”, რომელიც წარმოადგენს ფირზე გადატანილ რეჟისორის ჩანაწერებსა და ნააზრევს.
4 ოქტომბრის ღონისძიება ტონინო გუერას მიეძღვნება: წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი „გამარჯობა, ქარი ქრის“, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა.
5 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება 1960 წელს გადაღებული და იმდროინდელი ეპოქის სიმბოლოდ ქცეული ფილმი „ტკბილი ცხოვრება“, რომელიც იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრად არის აღიარებული.
ფილმების ჩვენება გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში (შოთა რუსთაველის გამზ. №3,  ყველა რეგულაციის დაცვით.
ფილმები ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://tkt.ge/Show/9320/tbilisis-saertashoriso-kinofestivali

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები