ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.
შესაბამისად, გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის.
„არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა მართავს. აჭარაში ჩვენ, მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად ჩაერთო. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც, ქუთაისში, ბათუმში. რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევებიდან მხოლოდ, დაახლოებით, ერთი პროცენტია ხოლმე კრიტიკული, 10 პროცენტი არის მძიმე, დანარჩენი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო. ამიტომზ ამ დიდი რგოლის, ე.წ. 85 პროცენტის მართვა შესაძლებელია კოვიდ-სასტუმროებში, კოვიდ-საკარანტინო სივრცეში და ბინაზე. ამ მექანიზმმა აჭარაში გაიარა სერიოზული პილოტირება და მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სხვა რეგიონებშიც გვექნება ზრდა, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ფართომასშტაბიანი ისეთი ზრდა, როგორიც უცბად გვქონდა აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.