თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი: მთიან ყარაბაღში სომხეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები განათავსა

“მთიან ყარაბაღში სომხეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები განათავსა”, – ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ხაზარ იბრაჰიმმა Anadolu-საუბარში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში ასევე განათავსა ტერორისტული დაჯგუფება,  „სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო სომხური არმიის“ მებრძოლები.

„მათ მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ აზერბაიჯანის ახალი ტერიტორიების ოკუპაცია“, – აღნიშნა ხაზარ იბრაჰიმმა.

თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო სომხურ არმიას“ ტერორისტულ საქმიანობაში და ათასობით თურქი მოქალაქის მკვლელობაში სდებს ბრალს.

ამასთან, რუსეთში სომხეთის ელჩმა, ვარდან ტოგანიანმა “რია ნოვოსტი”-ს განუცხადა, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში სირიის დასავლეთიდან 4 ათასი მებრძოლი გადაისროლა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში უკვე მონაწილეობენ.

ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებაში ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარგად არის ცნობილი აზერბაიჯანისა და ტერორისტული ორგანიზაციების მჭიდრო კავშირების შესახებ.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება 27 სექტემბრის დილით დაიწყო.

​ბოლო მონაცემებით, სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის 31 სამხედროა დაღუპული, ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე – ბებია და შვილიშვილი, 200 პირი კი დაჭრილია.

აზერბაიჯანის დანაკარგის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები