ლაშა ჟვანია: ისე აღდგება საქართველოს მთლიანობა, როგორც დამოუკიდებლობა აღგვიდგა საუკუნეების შემდეგ, მთავარია, ერთსულოვნება შევინარჩუნოთ

“ჯვართამაღლების დღესასწაული იწურება. სოხუმის მუხანათი მტრობის დღეც ჭრილობა მოუშუშებლად გადაიფურცლა… მრავალგზის გვქონდა ისტორიის მანძილზე ერთმანეთზე მიწყობილი უიღბლობა”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო გამთლიანდება.

“ჯვართამაღლების დღესასწაული იწურება. ენკენიაც ისე გავიარეთ, დავიწყებული გვაქვს, რა არის და რას აღვნიშნავთ ჯვართამაღლების წინა დღეს. ან სექტემბერს რატომ ვუწოდებდით ენკენობის თვეს.. სოხუმის მუხანათი მტრობის დღეც ჭრილობა მოუშუშებლად გადაიფურცლა…

მრავალგზის გვქონდა ისტორიის მანძილზე ერთმანეთზე მიწყობილი უიღბლობა (სხვა სახელს ვერ ვუწოდებ). ცოტა ხნის წინ ქალბატონ თინა დოლიძეს ვთხოვეთ და იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის წიგნიდან საქართველოზე დაწერილი პროფესიონალურად თარგმნა ძველბერძნულიდან. თავს ვიკავებ გამოქვეყნებისგან, მაგრამ მარტო კითხვითაც გასკდა გული.

მხოლოდ იმის გამო ვაქვეყნებ, რომ საოცარი იმედით ვარ სავსე, როგორც დიდი სოლომონ მეფე ბრძანებს: არის ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. ჩვენ ჟამი დანგრეულის აღმოფხვრისა და შენების გვაქვს. გაფანტულის შეგროვებას შევძლებთ აუცილებლად.

… და მაინც, ამ იმედიან ფონზე ჩვენი უიღბლო, სხვისი კალმით აღწერილი ისტორიის ნაწილი მინდა, გაგიზიაროთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ისრაელში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გავუზიარე:

1680 წელი, იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის ჩანაწერიდან – “ჯვრის მონასტერში, რომელიც ივერიელებს ეკუთვნით იერუსალიმში, მან (საუბარია ჩვენს დიდ მამულიშვილზე – ნიკიფორე-ნიკოლოზ ჩოლოყაჩვილზე) მნეობა ვინმე გაბრიელს დააკისრა. ამან კი თავისი უკეთურების გამო დიდი ვალი დასდო მონასტერს. ნიკოლაოსმა იქედან ვალი ვინმე მარკოსს გაატანა. გაბრიელი 1658 წელს ჩავიდა იაფოში მარკოსთან შესახვედრად. ერთმა ნეოსტორიანელმა ბოროტი განიზრახა, ჩაუსაფრდა მარკოსს, ხომალდიდან გადააგდო და ის დაიხრჩო. მან (გაბრიელმა) აიღო ფლორინები, რომელთა ნაწილი გადაუხადა მოვალეებს და ძველი ხელწერილები სანაცვლო ხელწერილებით შეცვალა. როცა … იმყოფებოდა, მოვალეებმა გაუგზავნეს ძველი ვალდებულების ხელწერილები. აშკარად მათ დააყენეს გზაზე მძარცველები, რომლებმაც გაძარცვეს ხელწერილების მქონე კაცი და ხელწერილებიც წაართვეს. გაბრიელმა იფიქრა, რომ ვალდებულების წერილები დაიკარგა, ხოლო /სინამდვილეში/ ისინი ოთომანმა მოვალეებმა ჩაიგდეს ხელში. ნიკოლაოსიც გარდაიცვალა. ივერიელებმა კი აიღეს, რაც კი შეკრებილი ჰქონდათ, დაუმატეს – დაახლოებით, ასი ათასი გროში და 1658 წელს თანხა თბილისის ეპისკოპოს იესეს და რამდენიმე მთავარს გაატანეს იერუსალიმში, მონასტრის დავალიანების დასაფარავად. ანატოლიაში ოთომანებმა გაიგეს, რომ ივერიელებს თან ჰქონდათ სიმდიდრე, თავს დაესხნენ და სადღაც მელიტინის მახლობლად გაძარცვეს (ეს იყო მაშინ, როცა პაისი ივერიიდან წამოვიდა). ივერიელები ჩავიდნენ ადრიანოპოლისში ვეზირთან, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ეპისკოპოსი დაბრუნდა ივერიაში, მონასტერს კი შერჩა ვალი. ნექტარიოსის დროს 1661 წელს იერუსალიმში ჩავიდა ერთი ივერიელი იუდეველი, სახელად ილარიონი კიალინგიხელოსი ( იგი იყო კოლხეთის კიალინგილას მონასტრის იღუმენი). პატრიარქთან სულმოკლეობაში მხილებული, ის ივერიაში გაიქცა და თან წაიღო ყველაფერი, რაც ჰქონდა. შემდეგ, 1663 წელს იერუსალიმში ჩამოვიდა ქართლიდან წარგზავნილი მღვდელმონაზონი სახელად იოსები, მურატა სიულისი. იმის გამო, რომ უნიათო იყო, მოვალე ოთომანებმა ჩამოართვეს მას ვერცხლის მონეტები, დაუთვალეს ვალდებულების ყველა ხელწერილი და ძირითად თანხას დაუმატეს ვალზე დამატებული პროცენტი. მისგან კი მიიღეს ხელწერილები პროცენტებითურთ. მას შემდეგ, რაც მან გასცა ამგვარი ხელწერილები, ივერიაში დაბრუნდა. ამის შემდეგ 1668 წელს ჩამოვიდა გამოგზავნილი პირი, მელეტიოს ხალეპლისი ათი ათასი გროშით. იგი ავი ზნის კაცი იყო და, მსგავსად მისი წინამორბედებისა, მოვალეებს პატრიარქისგან დაუკითხავად გადაუხადა ვერცხლი, შეცვალა ვალდებულების ხელწერილებიც, მათში აღნიშნა პროცენტებიც და ჯვრის მონასტრის ვალი 1094 გროშამდე გაიზარდა. გაიქცა ეს კაციც. შემდეგ ზემოხსენებულმა იოსებმა 40 000 გროში შეაგროვა, 50 ოქროს ჯაჭვი და მრავალი სხვა ნივთი, მათ შორის, ერთი ძვირფასი ხატიც და აშკარად უსაფრთხოების მიზნით ზღვით წამოვიდა. ტრაპეზუნტთან ლაზურ ხომალდზე ავიდა. კიტორიონთან აპილიონიდან მომავალი პირის ქარი შეხვდა, მაგრამ – ძლიერი. პატარა ნავსადგურში შეღწევას რომ ცდილობდნენ, იალქანი ანძით თავზე დაეცათ და ყველა ჩაიძირა ხომალდითურთ. ყველაზე ბოლოს, ქართლის კათალიკოსმა დომენტიოსმა, ტიფლიზიონის მეფის ძმამ იზრუნა და მთელი ივერიიდან შეკრიბა ასი ათასი გროში. მან თავად ჩასვლა გადაწყვიტა იერუსალიმში. მაშინ ის დრო იყო, რომ მეფე არჩილის ძე ეძიებდა იმერეტიონის წინამძღოლობას. ხოლო სპარსეთის მბრძანებელმა /ავი/ რამ განიზრახა მის წინააღმდეგ. რაკი იმერეტიონი კონსტანტინოპოლისს ეკუთვნოდა, ხოლო ქართლი – სპარსეთს, აუწყა მეფეს, რომ ის ისპაჰანში უნდა ჩასულიყო; უკანა გზაზე კი იგი მოკვდა. კათოლიკოსი რომელიღაც მხარეში იმყოფებოდა და, ეს ამბავი რომ გაიგო, მწუხარებისგან ისიც გარდაიცვალა. ხოლო, რაც კი ჰქონდა, გაიძარცვა და გაქრა. ივერთა მონასტრები სარკინოზების გირავნობაში აღმოჩნდა, ჯვრის მონასტერი დალუქეს და ავიწროებდნენ. შემდეგ სატანას ორივე ფრთამ – ფრანგებმა და არმენიელებმა ისურვეს მოვალეთათვის დავალიანების გადახდა და სანაცვლოდ მოითხოვეს ფრანგებმა წმ. ნიკოლოზის მონასტერი, არმენიელებმა კი – ყველა დანარჩენი. ივერიიდან კი არაფერი ისმოდა საიმედო. ამიტომ, ღვთის შეწევნით, მოვინდომეთ ივერთა მონასტრების განთავისუფლება ვალისგან. ამაზე არაერთგზის მივწერეთ ივერიაში და, როცა ჩართულნი ვიყავით იერუსალიმში წმ. ილიას მონასტრის განახლებაში, მაშინ მივიღეთ ივერიიდან წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მათ მხარეში /რწმუნებული/ კაცები, რათა მათ იქიდან გამოეგზავნათ ჩვენთვის 40 ათასი გროში იერუსალიმის ივერთა მონასტრების ვალისგან დასახსნელად. 1678 წელს იერუსალომიდან გავაგზავნეთ პირები თანხის მისაღებად. ჩვენ კი გავემგზავრეთ ვიზანტიონში და მერე – ვლახემპოგდანიაში. ღმეთის შეწევნით, ქართლის ქრისტიანები დიდად დაგვეხმარენ. მაგრამ არ ვუწყით, რა ცოდვის გამო დაუშვა ღმერთმა, რომ მათ არ მისცეს თანხა ჩვენგან გაგზავნილ პირებს. ვლაქიიდან დავბრუნდით ბიზანტიონში და, შევიტყვეთ რა მომხდარი ამბები, იერუსალიმში გავაგზავნეთ 32 ათასი გროში, როგორც ვთქვით, ივერთა მონასტრის მოსესხეთათვის ვალის დასაფარავად. ხოლო თავად გავემგზავრეთ ივერიაში.”

ესეც გაივლის, ისე აღდგება საქართველოს მთლიანობა, როგორც დამოუკიდებლობა აღგვიდგა საუკუნეების შემდეგ! მთავარია, ერთსულოვნება შევინარჩუნოთ”, – წერს ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები