ხვიჩა მღებრიშვილი: კარგად მექცეოდნენ, ვნახე ქართველები და გამოსვლას ელოდებიან
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულმა, ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ.
„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები.
ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,-განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.