ალექსანდრე ხვთისიაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ძირითად ჯგუფს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდა აცნობეს, შეხვედრისას ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების თაობაზე. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ტრადიციულად გეგმავს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან დამკვირვებელთა ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება.

შეხვედრისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ძალისხმევების თაობაზე. მხარეებმა განიხილეს კოვიდ-19 პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მგზავრობის, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ წარმატებულ პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიღება.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს პანდემიის დასაძლევად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები და ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ კონტროლირებადი ვითარება. მათ აქვე ხაზი გაუსვეს მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი 25 სექტემბერს 15:00 საათზე გეგმავს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციის ჩატარებას და 2020 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს მისიის საქმიანობის ოფიციალურად გახსნას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები