ირანის მთავრობა შეზღუდვების აღდგენისთვის მზად არის
ირანის მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაში შეზღუდვების ამოქმედებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე ქვეყნის რიგ რეგიონში იმიტომ გაიზარდა, რომ მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.
როუჰანიმ თქვა, რომ გასცა განკარგულება, დაისაჯონ ის პირები, რომლებიც, მრავალჯერადი გაფრთხილებების მიუხედავად, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
ირანში ბოლო ერთ დღეში კოვიდ 19-ს კიდევ 175 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 25 015 ლეტალური შემთხვევაა.
ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 3 521-ით გაიზარდა და 436 319 შეადგინა; 3 957 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება 367 829 -მა პირმა შეძლო.
რესპუბლიკაში 31 პროვინციიდან 29 “წითელ” ან “სარისკო” ზონად მიიჩნევა.