გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები.
კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორებას შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს.
„დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს.
ამავდროულად, აგებულია კონსტრუქცია ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზე ანალოგიური დროებითი ტიპის გადახურვების მოსაწყობად.
ახლო მომავალში წმ. მარინეს ეკვდერზე (დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალი) ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, რომლითაც ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ქვედა რეგისტრებსა და საკურთხეველზე მოწყობილი კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შეუსაბამობა დადასტურდა, სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით შემსრულებელს მიეცა მითითება ტაძარზე (ნარინის ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე) დამატებითი თუნუქის დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დასკვნის შესაბამისად, შემსრულებელს მოეთხოვება ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, ნართექსზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე გამოყენებული კრამიტის სრულად გამოცვლა და ამ მიზნით შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.
მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობის პარალელურად, შემსრულებელი გადახურვებზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში წარმოადგენს კვლევისა და ჩარევების პროექტს,
გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის საფუძველზე, კომპლექსის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე არსებული ბზარის შევსების შემდგომ აღიკვეთა წყლის შედინების კერა, რაც ამ დრომდე კედლის მხატვრობის (ქტიტორის გამოსახულება) დაზიანებას იწვევდა.
საზედამხედველო მისიის დაკვირვების ანგარიშების მიხედვით, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეიმჩნევა შრობის პროცესი. ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედლის დასველებული არეალი შემცირებულია. დაწყებულია ამავე მკლავის დასავლეთ კედლის სველი არეალის გაშრობაც. ლოკალიზებულია წმ. მარინეს ეკვდერის სამხრეთ და დასავლეთ კედლების სველი არეალებიც.
საზედამხედველო მისიის პირველადი შეფასებები ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, დოკუმენტურად გადამოწმდება და მომზადდება კრიტიკული არეალების პროგრესის ანალიზი. მისიის ანგარიში კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები