საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან – სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან – გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერთან – კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან – დავით ზალკალიანთან.

როგორც “კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე, რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელობას იძენს რეგიონის ფარგლებს გარეთაც.

მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითხვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე.

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც აქვს განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები