სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში, წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში – „ქართული ოცნება” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს.
• სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა
11.5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 70 კილომეტრამდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა შევა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
• ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა
ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.
• სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში
სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში კომპანია „ზეკარმა” 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, ხოლო 250 000 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.
• წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში
პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. სამუშაოებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა,43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.