ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე – რა აჩვენა კოვიდმა აფხაზებს, რას წერს იქაური მედია

ბოლო კვირაა, აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციები ფრონტის ხაზიდან მოსულ შეტყობინენებს დაემსგავსა.

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით, აფხაზეთი თითქმის ყოველდღე ახალ რეკორდს ამყარებს.

მაგალითად, 20 სექტემბერს 225 ტესტირებულიდან ვირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა. „რესპუბლიკის“ ერთადერთ კოვიდცენტრში უკვე 99 პაციენტია, აქედან 6 მძიმე – მდგომარეობაში, 14 – საშუალო სიმძიმის.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „აფხაზეთის ხელისუფლება“ მალავს, თუმცა, ფაქტობრივად, ყველამ იცის, რომ გუდაუთიდან 10 მძიმე პაციენტი სამკურნალოდ ენგურს გაღმა საქართველოში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ცნობილია ისიც, რომ რუსეთმა უარი თქვა კოვიდით ინფიცირებული აფხაზების მიღება-მკურნალობაზე.

”დიდი ხნის განმავლობაში არავინ მიჰყავთ რუსეთში, თუმცა, ძალიან სერიოზული პაციენტები გვყავს. ჩვენი ინფიცირებული ექიმები სათითაოდ გადაჰყავთ საქართველოში. უკვე ღიად გვეუბნებიან, ნუ ელით, სანამ მდგომარეობა გაუარესდება, წაიყვანეთ ავადმყოფები საქართველოში, რადგან მათ რუსეთში არ უმკურნალებენ ”, – განუცხადა ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმის ნათესავმა ადგილობრივ მედიას.
მისი თქმით, გუდაუთის საავადმყოფოში არ მალავენ, რომ სიტუაცია ძალიან ცუდია.
”მოუსმინეთ ტელევიზორს. თითქოს, რუსეთი გვეხმარება. მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს დახმარება. მედიკამენტი ცოტაა, ექიმები არ არის საკმარისი. რა უნდა ვქნათ“, – კითხულობს ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი.

ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის ავტორის შეფასებით, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ აფხაზეთს რუსეთთან ურთიერთობები გაურთულდა. მისი თქმით, ხელისუფლებას ამის აღიარება უჭირს, თუმცა ფაქტია, რომ ინფიცირებულებს რუსეთის ნაცვლად საქართველოში აგზავნის.
„კარგი, ქართველები აფხაზების მტრები არიან. საქართველო ხელს არ აწერს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, არ აღიარებს ჩვენ დამოუკიდებლობას. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დღე და ღამე ფიქრობს, როგორ დაეხმაროს აფხაზებსა და აფხაზეთს. მოკლედ, ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ რატომ ვუგზავნით ჩვენ ავადმყოფებს მტრებს, ანუ ქართველებს და არა – მეგობარ რუსეთს“, – კითხულობს სტატიის ავტორი.
მისი მოსაზრებით, უკვე თითმის ყველა ხედავს, რომ რუსეთი აფხაზეთს ექცევა არა როგორც პარტნიორს ან თუნდაც უმცროს ძმას, არამედ – როგორც ბატონი ყმას.
აფხაზი ჟურნალისტის თქმით, თავდაპირველად, კორონავირუსს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ის მხოლოდ ჩინელების, იტალიელებისა და ირანელების დაავადება ეგონათ, თუმცა, აღმოჩნდა რომ ის აფხაზებსაც კლავს.

მისი აზრით, ასეა თუ ისე, რუსეთის იმედი შექმნილი სიტუაციაში მათ არ უნდა ჰქონდეთ.
„ახლა მხოლოდ ენგურსგაღმელთა იმედად დავრჩით, რომლებმაც დახმარების ხელი ყოველგვარი პიარისა და წინაპირობების გარეშე გამოგვიწოდეს. ადრე თუ გვიან, მოვა დრო და ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის. მაშინ დავინახავთ, ვინ არის აფხაზების მტერი და ვინ – მოყვარე. ღმერთმა ქნას, ეს იქამდე მოხდეს, ვიდრე გვიან არ იქნება“, – წერს სტატიის ავტორი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება თვითგამოცხადებულ და ოკუპირებულ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები