მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლოთ

“ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ის ისურვებდა, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება “ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ, – სხვა ოპოზიციური ძალებისკენ.

“მინდა, მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფიდან.
თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება “ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.
აქვე, უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები.
დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები