არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არ გვაქვს დრო, სააკაშვილზე ვიფიქროთ, ვისაუბროთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმე, მომავალი, ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც საზოგადოებასთან გვაქვს

“მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის თავისი წარსული”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის განცხადებები თანაგუნდელებშიც აგრესიას იმსახურებს.

“მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის თავისი წარსული. დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით, ის ხელს უშლის ოპოზიციის გეგმებსა და განვითარებას. სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს, ოპოზიციონერებს, მათ შორის, თანაგუნდელებს შორის დიდ აგრესიასა და კრიტიკას იმსახურებს. ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს დრო, მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმე, მომავალი, ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ”.

ასევე, სააკაშვილის თქმით, – “მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას. საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას. ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას აიღებს ან საქართველო დაიღუპება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები