ბექა ნაცვლიშვილი: ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად 386 ლარი უნდა იყოს

“შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 386 ლარი”, – აღნიშნული განცხადება პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან გააკეთა, სადაც მთავრობის სახელზე მეცნიერებთან ერთად შემუშავებული საარსებო მინიმუმის ახალი მეთოდოლოგია შეიტანა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2003 წელს, შემუშავებული მეთოდოლოგიით სარგებლობენ.

„უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავტოვეთ უმრავლესობა, რადგან გარდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა, სოციალური მიმართულებით არაფერი რეალურად არ შეცვლილა ქვეყანაში. თუ შენ სოციალური ორიენტირი არ გაქვს სწორი და თუ საზოგადოებას ატყუებ და ეუბნები, რომ იცი რა 182 ლარია საარსებო მინიმუმ და შენს პენსიას 220 ლარს გავხდი, ეს არის სწორედ შედეგი იმისა, რომ ადამიანები ცხოვრობენ სოციალურ სიდუხჭირეში.

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 386 ლარი. აქედან გამომდინარე მივმართავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიხედოს და სოციალური პოლიტიკა დაეკისროს სწორედ ამ ციფრებს, 386 ლარს. რა თქმა უნდა ეს მონაცემები კვარტლიდან კვარტლამდე იცვლება.

მეთოდოლოგია გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 50 000-ით უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმი, შემდეგ ამას მოჰყვება პენსიების ზრდა და რაც მთავარია, მინიმალური ხელფასის დაკავშირება საარსებო მინიმუმთან. მინიმალური ხელფასის ზღვარი შეტანილი გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ დარგობრივმა კომიტეტმა ჩააგდო, ახლა ველოდები რომ იქნებ კეთილი ინებონ და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილოს. არ შეიძლება ღარიბი დასაქმებულები გყავდეს ქვეყანაში. არ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს სრულ განაკვეთზე და ანაზღაურება ჰქონდეს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რა არის ტყუილი, რა არის მართალი, რათა გვქონდეს რეალური პოლიტიკური ორიენტირები, რომ პოლიტიკა ორიენტირებული იყოს შინაარსზე და არა რაღაც სისულელეებზე”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები