შოთა გულბანი: ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნა ცალსახად განპირობებული იყო პანდემიის შედეგად გამოწვეული უარყოფითი მოლოდინების ფორმირებით

“უკანასკნელ პერიოდში ლარის კურსის ვარდნა ცალსახად განპირობებული იყო პანდემიის შედეგად გამოწვეული უარყოფითი და ნეგატიური მოლოდინების ფორმირებით, რაც პირდაპირი არხით სავალუტო ბირჟებს გადაეცემა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრმა, შოთა გულბანმა განაცხადა.

გულბანმა ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ლარის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებით კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი სისუსტე არა ლარის კურსის ვარდნაა დოლართან მიმართებით, არამედ – დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი და იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი. სწორედ იმის გამო, რომ ეს ორი ეკონომიკური ფაქტორი საკმაოდ ჭარბადაა წარმოდგენილი ჩვენს ეკონომიკაში, ლარის კურსის ნებისმიერი ვარდნა დოლართან მიმართებით, პირველ ყოვლისქ, იწვევს იმ მსესხებლებისთვის ყოველთვიური გადასახდელების გაუარესებას, რომლებმაც თავის დროზე დოლარში აიღეს სესხი. ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენი მოხმარების ძირითადი ნაწილი იმპორტირებული პროდუქციაა. იმის გამო, რომ ყოველწლიურად ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, გვიწევს დიდი რაოდენობით დოლარების მობილიზება – დაახლოებით, 5,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი ყოველწლიურად. შესაბამისად, პირდაპირი წნეხი მოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, როდესაც დოლარი ძლიერდება ლართან მიმართებით. ამ ორი ფაქტორის გამო არის სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები ვერ ახდენს გავლენას იმ დოზით, რა დოზითაც უნდა მოახდინოს, როგორც წესი იმ პირობებში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი არის მცირე. სწორედ ამის გამოა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც გვაქვს და რაც იდეაში გამოიყენება შოკების დროს, როგორც ერთგავრი ბუფერი, რათა შოკები შეიწოვოს, ვერც ეს ინსტრუმენტია სათანადოდ გამოყენებული. მცურავ გაცვლითი კურსის რეჟიმს თავის დადებითი ეფექტებიც აქვს. მხოლოდ ნეგატივზე როცა ვკონცენტრირდებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ნეგატიური ეფექტები უფრო მეტი აქვს კურსის ვარდნას. მაგრამ ამას დადებითი ეფექტებიც ახლავს თან, მაგალითად, ის, რომ ჩვენი ექსპროტი კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

რაც შეეხება უკნასკნელ პერიოდში ლარის კურსის ვარდნას, ცალსახად, ეს განპირობებული იყო პანდემიის შედეგად გამოწვეული უარყოფითი და ნეგატიური მოლოდინების ფორმირებით, რაც პირდაპირი არხით გადაეცემა სავალუტო ბირჟებს“, – განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, ამასთან არსებობს დაშვება, რომ სავალუტო ბირჟებზე გარკვეული სპეკულაციური შეტევების განხორციელების ალბათობა არსებობს.

„აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაზეც შეიძლება, რომ ვივარაუდოთ, მხოლოდ დაშვებები გავაკეთოთ. ასეთ პერიოდებში არსებობს სავალუტო ბირჟებზე გარკვეული სპეკულაციური შეტევების განხორციელების ალბათობა მსხვილი კონტრაგენტების მხრიდან, რომლებთაც აქვთ ჭარბი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ მსგავსი სპეკუალციური შეტევები განახორციელონ, ჭარბი მოთხოვნა განახორციელონ დოლარზე, რაც მის დეფიციტურობას განაპირობებს. ამ ვარაუდს არსებობის რეალური საფუძველი აქვს. ამას ვერ გამოვრიცხავთ მანამ, სანამ კონკრეტული, დადასტრურებული ტრანზაქციები არ გვეცოდინება.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი რამ, რაც ამ შემთხვევაში ყურადღებას იპყობს, არის ის, რომ ეროვნული ბანკი ხშირად არასწორად იქცევა ხოლმე. მაგალითად, უკანასკნელმა პერიოდმა ინტერვენციების თვალსაზრისით კარგად გვაჩვენა, რომ ხშირად ასეთ პერიოდში ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციები უფრო კონტრპროდუქტიული გამოდგება ხოლმე. რა მაქვს მხედველობაში: ვხედავთ, რომ ლარის კურსი ვარდნის ტენდენციას განაგრძობს, მაგრამ ეროვნული ბანკი მაინც ხარჯავს რეზერვებს“, – განაცხადა შოთა გულბანმა.
შეგახსენებთ, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები