ინფექციონისტი: ინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ

“კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების ბინაზე მოვლის მოდელზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბუწაშვილის განმარტებით, ბინაზე მოვლის მოდელში უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევები იგულისხმება.
როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი ისევ სტაციონარში მოთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს.

„სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების შემთხვევების გარკვეული აღმავლობა, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებში. როცა ამდენი შემთხვევაა, ძალიან რთულია ყველა კონტაქტის გაკონტროლება. ამას ცდილობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, მაგრამ, რეალურად, ყველა კონტაქტის კვლევა უკვე ძალიან გართულებულია, განსაკუთრებულად  – აჭარაში.

საბედნიეროდ, შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო ან მსუბუქია. ამიტომ, დღესდღეობით სტაციონარებში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში უკვე, გარკვეულწილად, პრობლემებია, გადაჭედილია ჰოსპიტლები. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მოდელზე, როგორც ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაშია. ბინაზე მოვლის პროტოკოლი უკვე არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დამტკიცებული. ახლა მთავარია, ეს დროულად შევიდეს ძალაში, თორემ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ამის საჭიროებაც არ არის. როგორც სხვა რესპირაციული დაავადებების დროს შეიძლება, ადამიანი ბინაზე დარჩეს, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება, იზოლირებული სხვებისგან იყოს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბინაზე მივატოვოთ. კორონავირუსის თავისებურება ის არის, რომ თავიდან შესაძლოა, მსუბუქად  ან უსიმპტომოდ იწყებოდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უცებ გართულდეს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან, რომ დისტანციურად, რამდენიმე დღეში ერთხელ ჰქონდეთ კონტაქტი ინფიცირებულთან და შეაფასონ მდგომარეობა – ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევები და ინფიცირებულის სტაციონარში გადაყვანა. ამ მოდელზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რიცხვებს ჩვენი ჰოსპიტლები ვეღარ გაუძლებს. მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაცინეტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთის პროცენტული წილი 20-ს არ აღემატება საერთო სტატისტიკით“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების ბოლო დღეებში არსებული მაჩვენებლები, ჯერჯერობით, საგანგაშო არაა.

„ჯერჯერობით, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სახე არ აქვს ვირუსის გავრცელებას. როგორც ვხედავთ, შემთხვევათა ყველაზე დიდი ნაწილი, ძირითადად, საკურორტო ადგილებთანაა ასოცირებული. თბილისისა და სხვა რეგიონების შემთხვევები, ჯერჯერობით, ძალიან დაბალია, საბედნიეროდ. ეს აღმავლობა შიდა მობილობის გაზრდით მივიღეთ, იმედი ვიქონიოთ, რომ, სეზონის გადავლასთან ერთად, შეიძლება, ისევ ლოკალიზაცია მოხერხდეს და შემთხვევები შემცირდეს, თუმცა, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. შეიძლება, პროგრესულად მომატება და სხვა რეგიონებში აფეთქებაც დაიწყოს. ეს, დაახლოებით, შემდეგ 2 კვირაში გამოჩდნება. დღევანდელი რიცხვები მაინც არ არის კატასტროფა და საგანგაშო. ჩვენ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ეს რიცხვი მაღალი მაინც არ არის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები