გაერო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით „საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეს” პირველად აღნიშნავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით „საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეს” პირველად აღნიშნავს.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დღის აღნიშვნა საჭირო გახდა თანაბარი შრომისათვის არათანაბარი ანაზღაურების პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე. თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ამ დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს, ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია დიდ ყურდაღებას უთმობს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერული უთანასწორობის სკაითხებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან, როგორც დასაქმების ეტაპზე, ასევე უშუალოდ შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული უთანასწორობა ყველაზე მკაფიოდ სწორედ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მკვეთრ უთანასწორობაში ვლინდება.

აღნიშნული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის საშუალოდ 35,8%-ს შეადგენს. სხვაობა ხელშესახებია ისეთ სექტორებშიც კი, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმოდგენილნი. უთანასწორობას, ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალების დაბალი წარმომადგენლობა მაღალანაზღაურებად, მენეჯერულ პოზიციებზე.

ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ეს სხვაობა საშუალოდ 23%-ია, ევროკავშირში კი 16,3%. მსოფლიოს ქვეყნები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ 23%-იანი სხვაობის კიდევ უფრო შესამცირებლად, საქართველოში კი ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დიდი სხვაობის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ 2018-2019 წლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საჩივრის საფუძველზე, საქართველო იმ 25 ქვეყნას შორის განიხილა, სადაც უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები და მისცა რეკომენდაცია, რომ შესაბამისი რეგულაციებითა და მეთოდოლოგიის შემუშავებით ხელი შეუწყოს სხვაობის შემცირებას.
პროფესიული კავშირების გაერთიანება 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული ხელფასებში გენდერული კუთხით სხვაობის შემცირებასთან დაკავშირებულ კამპანიასა და კვლევით საქმიანობაში. გაერთიანებამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და შეიმუშავა რეკომენდაციები, როგორც ხელისუფლების ისე დამსაქმებლებისადმი.

საქართველო პირველ რიგში საჭიროებს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის შემუშავებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ დონეზე აქვეყნებს მხოლოდ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის მაჩვენებელს. საქსტატმა უნდა შეცვალოს მეთოდოლოგია და სტატისტიკის წარმოებისას გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: განათლების დონე; ნამუშევარი საათების რაოდენობა; დაკავებული პოზიცია; ეკონომიკის სექტორი.

ამ ფაქტორების გათვალისწინება უფრო რეალურ სურათს მოგვცემს და ხელისუფლებას ნათლად დაანახებს გენდერული კუთხით ხელფასებში დისკრიმინაციის მასშტაბებს, რაც ამ მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

გარდა საქსტატისა კონკრეტული მეთოდოლოგია უნდა დაინერგოს საწარმოს დონეზე. საწარმოები ხელფასების დაგეგმვის პროცესში უნდა დაეყრდნოს მეთოდოლოგიას, რომელშიც ასახული იქნება დასაქმებულის კვალიფიკაცია (განათლების დონე, გამოცდილება, დავალების შესრულების უნარი); მოვალეობის სირთულე; დაკავებული პოზიცია (პასუხისმგებლობის ხარისხი, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება) და ნამუშევარი საათების რაოდენობა.

მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობა კომპანიებისათვის სავალდებულო იქნება, მათ სახელფასო პოლიტიკას, ერთის მხრივ მოაქცევს კონკრეტულ ჩარჩოებში, რომელიც ქალთა დისკრიმინაციას შეამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოებს ექნებათ სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც ისინი დაეყრდნობიან და ეს პრინციპები საერთო იქნება ყველა კომპანიისთვის. აღნიშნული მეთოდოლოგიის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს შრომის კოდექსში, რაც ამ მეთოდოლოგიას სავალდებულოს გახდის. ასევე მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიის, ისევე როგორც სხვა შრომითი უფლებების, აღსრულების მანდატი გააჩნდეს შრომის ინსპექციას.

გარდა მეთოდოლოგიის შემუშავებისა, საჭიროა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წასახალისებლად და მმართველობით რგოლებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ისევე როგორც დედობის დაცვის, ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების შეთავსების გარანტიების უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმის შექმნა, ქმედითი შრომის ინსპექციის სახით, ასევე აქტიური ცნობიერების ამაღლების კამპანიები სოციალური პარტნიორების ჩართულობით.

მნიშვნელოანია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება პროცენტულად უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს. მიუხედავად ამისა კაცები უფრო ხშირად იკავებენ მენეჯერულ ან/და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებს. ამასთან დაბალი ანაზღაურება არის დემოტივატორი ქალებისთვის იპოვონ სამუშაო. ქალების ეკონომიკური აქტიურობა კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით ჩამორჩება. ხელფასების გათანაბრებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი უფრო მეტ ქალს მისცემს სტიმულს ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიურობაში. ეს კი ქალთა კიდევ ერთი პრობლემის – საოჯახო შრომის არათანაბარი გადანაწილების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება,”- ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.

პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომის, თანაბარი ანაზღაურების მნიშვნელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა აღმოიფხვრას ქალების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შრომით ურთიერთობებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები