დავით ზალკალიანი: ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ

“ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ემიგრანტების უფლებები დაცული იყოს და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ”, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კითხვას, რომელიც არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობას ეხებოდა.

მისი თქმით, უწყება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი დახმარება გასწია, რომ დავხმარებოდით უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული.  ჩვენზე სისტემურად უფრო ძლიერ არცერთ ქვეყანას არ განუხორციელებია და არ გადაუდგამს ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია. ჩვენ სამშობლოში დავაბრუნეთ  ჩვენი 23 000-ზე მეტი  თანამოქალაქე და, ასევე, ადგილზე დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენს 24 000-ზე მეტ  თანამოქალაქეს. რა თქმა უნდა, აქ მთავარი კრიტერიუმი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად ძალიან სწრაფად და დინამიკურად იცვლება. არანაირი საუბარი მათი რესურსის გამოყენება/არგამოყენებაზე არ არის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. გუშინ ჩემმა მოადგილემ საზოგადოების წინაშე წარმოადგინა ის გეგმა, რაც გაწერილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, რათა უცხოეთში მყოფ ჩვენს ყველა  მოქალაქეს, ვინც ჩვენს საკონსულოებში აღრიცხვაზეა, შესაძლებლობა ჰქონდეს, არჩევნებში თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა. ვერანაირ პრობლემას, დღევანდელი მოცემულობით, ვერ ვხედავ იმ კუთხით, რომ ვინმეს უფლება რაიმე სახით შეზღუდულია. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები