ათეა-ს წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, ასევე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა – ნინო ქავთარაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, სხდომაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში წარიმართა, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე, covid-19-ით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის დაძლევის გზებზე იმჯელეს და პანდემიის პირობებში ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.
კონგრესის გენერალურმა მდივანმა – ანდრეას კიფერმა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ – ლეენდერტ ვერბეკმა კონგრესის მიმდინარე საქმიანობა შეაფასეს და სხდომის მონაწილეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.