კახაბერ კუჭავა: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი – ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცეპრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის თაობაზე, რომლის განხილვაც 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა, ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას, კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მხარდაჭერისა და იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ვგრძნობთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოსა და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე არჩევნების დღეს დაცული იყოს კორონავირუსისგან”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტარმა წარმატებულად შეაფასა “კოვიდ-19″-თან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მიღწეული წარმატება, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

„კატი პირიმ წარმატებები გვისურვა და გამოთქვა დიდი სურვილი საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლად ჩამოსვლის შესახებ, თუ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა იქნება”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები