ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსი მუტაციის მერე 10-ჯერ უკეთ ეკვრის ადამიანის სხეულს, ვიდრე – აქამდე

კოვიდინფიცირებულთა მატების მაჩვენებელზე, მოსალოდნელ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე, მედიკოების მიერ დღეს დაანონსებულ ვაქცინაზე, რომელსაც მსოფლიო ნოემბრის ბოლოს მიიღებს, “კვირა” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა:

– იმ ცოდნის მიხედვით, რაც პანდემიასთან ბრძოლისას მსოფლიოს დაუგროვდა, შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და ის შედარებით მსუბუქად დასაძლევი ინფექცია გახდა?

– მტკიცებითი მედიცინის ცნობით თქმა იმისა, რომ დღეისათვის ვირუსი გამარტივდა, არ შეგვიძლია.
წარმოიდგინეთ, დღეს კორონავირუსის ამ შტამმა მიიღო D 614 მუტაციის ფორმა. ამ მუტაციის წყალობით, 10-ჯერ უკეთ ეკვრის ადამიანის სხეულს ვირუსი, ვიდრე – აქამდე. ამიტომაც იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ.

– გინდათ, თქვათ, რომ ვირუსი კი არ გამარტივდა, პირიქით, ძალა მოიკრიბა?

– მოდით, ვთქვათ, რომ შუა ასაკის ადამიანებს შორის, რომლებიც არ ერიდებოდნენ თავყრილობებს, მოგზაურობებს, გართობას, ვირუსი სწრაფად გავრცელდა. თუმცა, რაც უფრო სწრაფად ვრცელდება ,,კოვიდ 19″, მით უფრო ნაკლებ საშიში და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გახდა ის.

– ინფიცირებულთა რიცხვის მატება უკანასკნელ დღეებში შეიმჩნევა თითქმის მთელს მსოფლიოში.

– ასეა – დანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში. ეს ქვეყნები 8-9 თვეა, ემზადებიან ვირუსის მზარდ მაჩვენებლებთან გასამკლავებლად. ვფიქრობ, ჩვენც საკმაო დრო გვქონდა ამისათვის და ქართული სამედიცინო სისტემაც კარგად მოემზადა ინფიცირებულთა მზარდ მაჩვენებელთან გასამკლავებლად. ევროპამ უარი თქვა ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე, როგორც აქამდე იყო. ისინი აღარ მოუწოდებენ ადამიანებს, დარჩნენ სახლში, აღარ კეტავენ საწარმოებს. ახლა იმ კერებს ექცევა დიდი ყურადღება, სადაც ინფექციის ამოფრქვევა ხდება და ლოკალურ ზომებს მიმართავენ.

– რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის საგრძნობი მატება მაინც დაფიქსირდება?

– არ მგონია, ძალზე საგანგაშო ვითარება გვქონდეს საქართველოში. თუ ქვეყანა დაიქცა და დღეში 1000 კაცზე ავიდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, მაშინ საგანგებო ზომებს შეიძლება, მივმართოთ. დღეისათვის ქართული მედიცინა მზადაა, გაუმკლავდეს დღეში 200-300 ინფიცირებულს. თანაც, ამ 200 შემთხვევიდან 20-30 ადამიანს სჭირდება სერიოზული მკურნალობა, დანარჩენი შემთხვევები საკმაოდ იოლად მიდის. ჩვენთან უსიმპტომო პაციენტები კარანტინში არიან და ეს ძალზე კარგია, საუბარი მიდის ადგილობრივ და არა – სტაციონურ მკურნალობაზე.

– რამდენად დიდია საშიშროება სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით?

– თუ რომელიმე სკოლაში აღმოჩნდა ინფექციის კერები, ის სკოლა უნდა ავიყვანოთ კონტროლზე და დროებით შევაჩეროთ სწავლა. ვფიქრობ, არ იქნება დიდი საშიშროება არც სწავლის პროცესის დაწყება, თუ სასკოლო ოთახებსაც განვტვირთავთ. დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას იმაზე მეტი საავადმყოფო და საწოლი აქვს, ვიდრე ეს 3 მილიონზე ოდნავ მეტი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას უნდა ჰქონდეს. იმის საშიშროება, რომ პაციენტები მოუვლელნი დაგვრჩებიან, დღეს არ დგას.

– რაც შეეხება ჩინეთის მთავრობის მიერ დღეს დაანონსებულ ვაქცინას, რომელსაც ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ. როგორია თქვენი მოლოდინები?

-ვაქცინა არის პრეპარატი, რომელმაც უნდა დაასრულოს პანდემია. თუმცა, 8 მილიარდ ადამიანს ერთბაშად ის ვერ გაუკეთდება, მთელი მსოფლიოს ფარმაცევტულმა კომპანიებმა მხოლოდ ამ ვაქცინის წარმოებაზე რომც იმუშაონ. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას უახლოეს თვეებში მართლაც მივიღებთ, ვაქცინაცია ჯერ რისკ ჯგუფის მოქალაქეებს უნდა ჩაუტარდეთ – 60 წლის ზემოთ, შემდეგ კი ვიფიქროთ ბავშვებსა და მოზრდილებზე.
– რამდენად უსაფრთხო შეიძლება, იყოს ვაქცინა დაავადებული ადამიანებისთვის?

– ვაქცინის მთავარი დანიშნულაბა ისაა, რომ იყოს უსაფრთხო. მე ნაკლებად მჯერა რუსული და ჩინური ვაქცინების, რომელსაც ამ ორი ქვეყნის მთავრობა აანონსებს. მომავალი წლისთვის ევროპული ქვეყნები და ამერიკა აანონსებენ, რომ ნამდვილად ექნებათ მაღალი ხარისხის პრეპარატი, რომელიც დაამარცხებს ,,კოვიდ 19″-ს. ეს იქნება პანდემიის დასასრულის დასაწყისი, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წელს აღარც ემახსოვრება კაცობრიობას.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები