ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები ვართ

“არცერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები ვართ”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არცერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ. იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ. რაც შეეხება რეიტინგებს, გამოკითხვების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-56%-ს შეადგენს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ ოთხჯერ, მთლიანად ოპოზიციური პარტიების რეიტინგს ორჯერ აღემატება. საბოლოო რეიტინგსა და შედეგებს კი, არჩევნების დღე განსაზღვრავს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს NDI-ის კვლევები და წინასწარი შედეგები არასარწმუნოდ მიაჩნია და აღნიშნული ინსტიტუტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა გაიხსენა: „წლების განმავლობაში მათი არცერთი კვლევა არ არის სარწმუნო. ასე იყო 2012 წლამდე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 10-12% ჰქონდა რეიტინგი. შემდეგ წლებშიც, ბოლო არჩევნებშიც თუ მის კვლევებს გადავხედავთ, არცერთი კვლევის შედეგი სარწმუნო არ არის. სამწუხაროდ, NDI-ის ბრენდსა და სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა.“

სკეპტიკურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩევლებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ასეთი ამომრჩევლების დარწმუნება დიდწილად ხელისუფლების ეფექტიან მოქმედებასა და კომუნიკაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები