რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს რომან გოცირიძე იყო, 2020 წლის არჩევნებზე კი გუბაზ სანიკიძე და გიული ალასანია იქნებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საარჩევნოდ წარდგენილმა ახალმა სახეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დააბნია.
მისივე თქმით, 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე რომან გოცირიძე იყო, ხოლო 2020 წელს გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნებიან.
“ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო აღიარებების კასკადი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური კლასტერისგან და მათი კრიმინალი ლიდერისგან მოვისმინეთ. ყველაფერი დაიწყო პეიზაჟების ფონზე მოსეირნე სააკაშვილმა, რომელმაც მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები აღიარა. შემდეგ მისი კლასტერის ერთ-ერთი წევრისგან გავიგეთ, რომ სააკაშვილი 500-ევროიანი კუპიურაა დანარჩენებისთვის. შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი სოციოლოგიურ კვლევებს აყალბებდნენ, თუმცა ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. ამის კულმინაცია ისევ სააკაშვილი იყო, რომელმაც კითხვას „რატომ ახლა?“ უპასუხა, რომ ახლა დადგა სიმართლის დრო. ე.ი. მათთვის მანამდე სიცრუის დრო იყო. მათ იცოდნენ, რა დანაშაულებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ არ საუბრობდნენ, რადგან იფიქრეს, ამით შეუძლიათ არჩევნებზე ვიღაცის გულის მოგება. ეს თავიდანვე განწირულია, რადგან იქვე ახსენეს, რომ ახლა ყველა კარტის გახსნის დრო მოვიდა და რასაც ის კარტის გახსნას უწოდებს, სინამდვილეში ათასობით ადამიანის გაუბედურებული და დაღუპული სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ჩვენი მაჟორიტარები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია და საზოგადოებამ ნახა წარმატებული ადამიანები, რომელთა უკანაც წარმატებული ისტორიები დგას, რამაც ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი, მიხეილ სააკაშვილის დედაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.