“აზიის განვითარების ბანკის ეს მოხსენებაც ადასტურებს სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტის ეფექტიანობას”

“აზიის განვითარების ბანკის ანგარიში იმ თვალსაზრისითაც აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი ჩვენი ეკონომიკის ერთერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც მონაწილეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურულ პროექტების, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის, თანადამფინანსებლად”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
მისი განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის ანგარიში თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებებთან საქართველოს ეკონომიკის სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით.
„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული მენეჯმენტის ეფექტიანობა, რაც კრიზისის შესარბილებლად ეტაპობრივად განხორციელდა, საბანკო რეგულაციების, ბიზნესისათვის საგადასახდო შეღავათების გაწევითა და სოციალური პაკეტების გაფართოების მიმართულებით, კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატებით ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ახალი ლოქდაუნის გამოცხადებას, შესაძლო მეორე ტალღის პირობებშიც კი. ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ლოქდაუნის პირობებში მოსახლეობისა და მთლიანად ბიზნესის შემოსავლები მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო საპირისპიროდ, ეკონომიკის ხელოვნურად შენარჩუნების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ექსპერტის თქმით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის შემდეგ მიღებული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ ზამთრის ჩაკეტვის გარეშეც მოხდეს პროცესების მართვა, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებისათვის კი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით განხორციელდეს, რასაც მთავრობა აპირებს და ბანკის ანგარიშშიც არის აღნიშნული.
„აზიის განვითარების ბანკის ეს მოხსენებაც ადასტურებს სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტის ეფექტიანობას და აშიშვლებს ქართული ოპოზიციის ტენდენციურ და ცილისმწამებლურ ნარატივს მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის შეფასებებზე!“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
​ცნობისათვის, “აზიის განვითარების ბანკის” (ADB) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონა კრიზისის გამოწვეული ვარდნის შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. თუმცა, ADB მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს. შედარებისათვის ევროკავშირის ეკონომიკის საშუალო ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 %, ხოლო გლობალური ეკონომიკის კიდევ უფრო მეტს -11%-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები