დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს

​განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელეს.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, პროგრამების განრიგის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები გააცნო კომიტეტებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა განხილული საჩივრების რაოდენობასა და შინაარსზე. დეპუტატებმა იმსჯელეს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის, ასევე – საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მომხსენებელი გამოსვლაში შეეხო უსაფრთხო მედიის კონცეფციას, რაც, მისივე თქმით, ისეთ სატელევიზიო ეთერს გულისხმობს, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ყველა წევრისთვის უსაფრთხო, მხოლოდ გადამოწმებული, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„სწორედ ასეთ კონტენტს სთავაზობს საქართველოს პირველი არხი მაყურებელს”, – აღნიშნა მან.

დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კოვიდ19-თან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების: უწყვეტობის, ხარისხისა და თანაბრობის თვალსაზრისით განათლების მიმართულებით.

„მარტის ბოლოდან თქვენ შეძელით ისეთი მძლავრი მიმართულების ჩამოყალიბება, როგორიცაა ტელესკოლა და რომელიც ძალიან დაეხმარა ყველა მიმართულებას, განსაკუთრებით ზოგადი განათლების მიმართულებას”, – მიმართა გენადი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს.

მისი თქმით, სკოლებში ხვალ ისევ დისტანციური სწავლა განახლდება, რადგან კოვიდმა ისევ შექმნა საფრთხე მოსახლეობისთვის, რაც კვლავაც აქტუალურს ხდის ტელესკოლას. გენადი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს რეიტინგების შემოწმების ობიექტური ხელსაწყო და ტელევიზიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონაც გაზომოს საკუთარი რეიტინგი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები