ნათია მეზვრიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ვგულისხმობთ, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერაა დადგენილი
მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება იძლეოდა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში დაგროვილ კითხვებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უწყებათაშორის საბჭოზე და გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილებები დეტალურად გაგაცნოთ. ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება გვაძლევდა. ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა და მოიმატებდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად. ეს ბუნებრივიც იყო, რა ვითარებაც დღეს, ამ მიმართულებით გვაქვს ქვეყანაში. ამასთანავე, ვთქვით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, ვინაიდან, შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა. როდესაც თანმიმდევრულობაზე ვსაუბრობთ და მთავრობის პოლიტიკის მეტ-ნაკლებ პროგნოზირებადობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობდით წლის დასაწყისში, როდესაც პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრაქტიკულად, დღეს გვაქვს ეს რეალობა”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობდა მთავრობა, როდესაც ამბობდა, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსთან ერთად ცხოვრებას.
„რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობდით იმას, რომ უნდა დავბრუნებულიყავით ვირუსის გავრცელებამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი, ის ელემენტარული წესები, რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო. პირველ რიგში, ეს გახლავთ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, საერთო სარგებლობის ლიფტებში, ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა მთავრობის დადგენილებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ, გახლავთ დისტანციის დაცვა და ამასთან დაკავშრებითაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან, რაზეც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.