მამუკა მდინარაძე – Survation-ის კვლევაზე: რეალობა ცოტა სხვანაირია, “ქართული ოცნების” რეიტინგი 60%-მდეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 55,7 % ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის რეიტინგი 60%-მდეა.

“მაქსიმალურად მიახლოებულია იმ მონაცემებთან, რაც არის რეალობაში და რაც ჩვენც და ყველა ოპოზიციურ პარტიას მაგიდაზე უდევს. ცოტა კიდევ უფრო მეტია “ქართული ოცნების” რეიტინგი და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ კვლევაში, რატომღაც “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე პესიმისტური, ქვედა მონაცემია მითითებული. რეალობას თუ შევხედავთ და შევადარებთ, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით, როდესაც თქვენი კვლევა ვნახე, მათთვის არის ძალიან ოპტიმისტურად, ანუ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმზე არის ეს მონაცემები გასული.

რეალობა ცოტა სხვანაირია, ოდნავ განსხვავებულია, “ქართულ ოცნებას” 60%-მდე რეიტინგი აქვს და ეს, სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიის კვლევებშიც არის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 1 200 ადამიანი გამოკითხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები