,,კოვიდ 19,,-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შიდსის რისკებს ზრდის
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამალეის ცენტრის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – “სპუტნიკ – v” სამოქალაქო ბრუნვაში უკვე არსებობს და მას უახლოეს პერიოდში ქვეყნის რეგიონებშიც ჩაიტანენ.
თუმცა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, რუსების 53%-ს ეშინია ადგილობრივი ვაქცინით აცრა, 5,7%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი რუსეთის ფარგლებს გარეთაც ეპარებათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მარატ შორანოვმა განაცხადა, რომ ვაქცინას უკუჩვევები აქვს. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ის არ არის რეკომენდებული ქრონიკული ინფექციური, რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მისი შეყვანა აკრძალულია ასევე ფეხმძიმე ქალებისთვის, 18 წლამდე და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის.
ასევე, ვაქცინის შესახებ სამეცნიერო წრეებში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის – The Lancet -ის რედაქტორმა, რიჩარდ ხორტონმა გამოთქვა აზრი და აღნიშნა – “რუსებმა ცდები მოხალისეთა ძალიან მცირე ჯგუფზე ჩაატარეს, რომელშიც მხოლოდ 76 ადამიანი მონაწილეობდა. ოქსფორდში ჩატარებულ ცდებში კი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა”. მისი თქმით, ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი, რამდენად უკეთეს ან უარესად მუშაობს ეს ვაქცინა, სხვებთან მიმართებით.
აშშ-ის ორგანიზაციის – Prevention Trials Network-ის ,,კოვიდ19,,-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლარი კორიმ განაცხადა, რომ მათი ორგანიზაციის მეცნიერთა ჯგუფმა დაწვრილებითი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებმა შოკში ჩააგდო. კერძოდ, ვირუსის დამხმარე გენომის – Ad5-ის ბაზაზე შექმნილი ნივთიერებები მეტად მოწყვლადია შიდსის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ზრდის შიდსის აფეთქების რისკს.