თეა ახვლედიანი: არასდროს შეგვიწყვიტავს კომუნიკაცია აფხაზებთან, რათა მოვაგვაროთ მათი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა
სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია, აღარ ფუნქციონირებს. სახელმწიფო მინისტრი, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა იმ სოფელს ვეწვიეთ, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. გადასასვლელები და სადაც დღემდე აღმართულია ფიზიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის, უკრძალავს მოსახლეობას თავისუფალი კომუნიკაციისა და გადაადგილების საშუალებას. შევხვდით წლების განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ განსაკუთრებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით შექმნილი პრობლემები და მათ წინაშე არსებული საჭიროებები, ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებებით, როგორიც არის ადამიანების სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებისკენ მიმართული შესაძლებლობების გაფართოება – ამისკენ არის სწორედ მიმართული ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები.
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვიტავს კომუნიკაცია აფხაზურ საზოგადოებასთან; განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში დღემდე, ჩვენ დაგვიგროვდა საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმედს გვაძლევს, რომ სამომავლოდ შესაძლოა ამ დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება, რათა მოვაგვაროთ ადამიანების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, შევამსუბუქოთ მათი ყოფა. ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას უკვე არსებული ოფიციალური ფორმატების ფარგლებში, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ გალში მალე აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელსაც წინ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს სწორედ იმისთვის, რომ აღკვეთილ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემსუბუქებულ იქნას არსებული ჰუმანიტარული მძიმე ვითარება.
ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ვეწვიეთ რუხში არსებულ ინფრასტრუქტურას, როგორიც არის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი და ჰოსპიტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი გადაადგილების აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული სოლიდური ნაბიჯი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.