იოსებ არჩვაძე: კორონავირუსის პანდემიის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტოტალური გაუარესების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ოპტიმისტურია
“0.5-პროცენტიანი ზრდა მართალია, არაა დიდი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტოტალური გაუარესების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთ ზრდასაც კი აშკარად სიმბოლური და, უფრო მეტიც, ოპტიმისტური დატვირთვა აქვს”, – ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი, იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლებს ეხმიანება.
“პირველ მერცხალს გაზაფხული არ მოჰყავს, თუმცა, გაზაფხულის მოსვლის იმედს აჩენს და აძლიერებს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომელთა მიხედვით, აღნიშნული ინდიკატორის ზრდამ წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.5 პროცენტი შეადგინა და 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 0.5-პროცენტიანი ზრდა მართალია, არაა დიდი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტოტალური გაუარესების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთ ზრდასაც კი აშკარად სიმბოლური და, უფრო მეტიც, ოპტიმისტური დატვირთვა აქვს. ინვესტიციების ზრდა რამდენიმე ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა. ესაა:
ა) ქვეყანაში შექმნილი საინვესტიციო გარემო;
ბ) ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრადობა;
გ) ხელისუფლების პოლიტიკა, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში;
დ) ზემოხსენებულ ფაქტორებზე დაფუძნებული ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და მზაობა, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თავიანთი ბიზნესი დაუკავშირონ საქართველოს.
ამ უკანასკნელზე მკაფიოდ მეტყველებს რეინვესტირების მკვეთრი (60.8%-იანი) ზრდა, რის შედეგად რეინვესტირების წილი გასულ წელთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი და 60.8%-ს აღწევს (2019 წ. – 37.4%). 2020 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოში თითქმის 1.4-ჯერ მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. წლის პირველ ნახევარში მოზიდული ინვესტიციებიდან მეორე კვარტალის წილად, დაახლოებით, 58 პროცენტი მოდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მშპ-ის ანალოგიურ მაჩვენებელს ( შედარებისათვის: 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შეიქმნა წლის პირველი ნახევრის მშპ-ის მხოლოდ 46 პროცენტი).
პოზიტიურ მოლოდინს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დარგებში, რომლებშიც კვლავწარმოების ციკლი ხანმოკლე ნამდვილად არ არის (მშენებლობაში – 3-ჯერ, სამთომომპოვებითი მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში – 2-2-ჯერ…). აღსანიშნავი, რომ ხსენებული ინვესტიციები საკმაოდაა დივრესიფიცირებული როგორც ეკონომიკის სექტორების, ისე – წარმომავლობის ქვეყნების მიხედვით, რაც ხელს უწყობს რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებასა და ეკონომიკის დაჩქარებულ და მდგრად განვითარებას. ნათქვამია, “პირველ მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო”. მაგრამ პირველი მერცხალის გამოჩენა ნამდვილად აჩენს და აძლიერებს გაზაფხულის მოსვლის მოლოდინს. ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ მრავლისმეტყველი ზრდა ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესების “პირველ მერცხლად” ნამდვილად შეგვიძლია, მივიჩნიოთ”, – წერს იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.