გია ხუხაშვილი: დღეს ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს

“ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. უფრო ურთიერთგარჩევებით არიან დაკავებული და იმაზე კამათობენ, ვინ იქნება პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ხუხაშვილმა ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ კიბერთავდასხმაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ლუგარის ლაბორატორიის გარშემო პერიპეტიები არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკის ან შიდა გამოწვევების თემა. თუ გლობალური პოლიტიკის მოვლენათა ჯაჭვს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ეპიზოდი ამ დიდი დაპირისპირების ნაწილია. საქართველო ამ დიდი “ცივი ომის” ერთერთი ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ მხარეს ვართ. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ბალანსის თამაშით, როდესაც იქეთ დასავლეთს უმტკიცებ ერთგულებას და აქეთ რუსეთს უკრავ თვალს, ფონს გავალთ. უნდა გავაკეთოთ არჩევანი – ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და შესაბამისობაში იმ მხარესთან, რომელსაც პარტნიორად მოვიაზრებთ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და რიტორიკა პროტესტის შტრიხებს კი შეიცავდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ფრთხილია, რაც ზოგჯერ კაპიტულანტურ განწყობებში გადადის. იმის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამას მეორე მხარე, ანუ რუსეთი დაგიფასებს – როდესაც შენ ასე იქცევი, რუსეთი სისუსტედ გითვლის, კიდევ უფრო ძლიერად გიტევს და, ფაქტობრივად, თავის თამაშებში გიყენებს.

რუსეთი ნავალნიზე საბრძოლო-ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმეში ლუგარის ლაბორატორიის გამოყენებას ცდილობს. როდესაც ისმის ბრალდება, რომ “ნოვიჩოკი” შეიძლება, ნაწარმოებია საქართველოში,  ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი, პრინციპული პოზიცია და არ უნდა ვამბობდეთ, ვიღაცა შეცდომაშია შეყვანილიო. ეს ფსევდოდიპლომატიური რიტორიკა მხოლოდ დამაზიანებელია. რაც შეეხება რუსეთის კიბერჩარევას საქართველოს საარჩევნო სისტემაში, ეს ცოტა დაუჯერებელი თემა მგონია. ჯერ ერთი, ჩვენთან ტექნოლოგიები ისე არ არის განვითარებული, მეორეც, რუსეთმა რატომ უნდა დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი და დაუფარავი საყრდენები ჰყავს, მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრში? სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ბოლო პერიოდში ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო, უფრო გაიზარდა. თუ დინამიკას დავაკვირდებით, ეს, ასე ვთქვათ, “ნოსტალგიური სეგმენტი”, რომლისთვისაც დამახასიათებელია დასავლეთის გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა, ერთმორწმუნეობის თემით სპეკულირება და ანტილიბერალური განწყობები, ძალიან მოძლიერდა, რაც ირიბად რუსულ ფასეულობათა სისტემაში ჯდება. თუ ეს ხალხი ადრე ფრთხილობდა, დღეს ძალიან ყელყელაობს. საქართველოზე შეტევა მიმდინარეობს, ოღონდ შეტევა ბევრად მატერიალიზებულია, ვიდრე კიბერთავდასხმა.

რაც შეეხება იმას, რომ თუ დამტკიცდება, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ეს მძიმე დანაშაულია და ამას უნდა მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი. ფაქტია, რომ ამ ძალას მხარს უჭერს საზოგადოების განსაზღვრული სოციალური სეგმენტი, რომელსაც აქვს ამ ტიპის პოლიტიკის მოთხოვნა და “პატრიოტთა ალიანსიც” მუშაობს ამ სეგმენტზე. ეს პარტია ხვალ რომც გაქრეს, გამოჩნდება სხვა, რომელიც ამავე სეგმენტის გულის მოგებას შეეცდება. პრობლემა სხვა რამაა. საკითხი ასე უნდა დავსვათ – რატომ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა? რა დავაკელით ამ ხალხს, რისი ბრალია, რატომ მოსწონთ ის, რაც ჩვენ მანკიერებად მიგვაჩნია? პრორუსული პოლიტიკური ძალები იმიტომაც არსებობენ, რომ ასეთი განწყობებია ქვეყანაში. აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური ძალა განწყობას ვერ შექმნის, მას მხოლოდ მისი გაძლიერება შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც “პატრიოტთა ალიანსი”. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ განწყობების ჩამოყალიბების მიზეზები და ვებრძოლოთ მას.

დღეს ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თუ დავაკვირდებით, ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. უფრო ურთიერთგარჩევებით არიან დაკავებული და იმაზე კამათობენ, ვინ იქნება პრემიერმინისტრი. ასეთი ოპოზიცია საჩუქარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ბრძოლა უადვილდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები უფრო უარესად და სუსტად გამოიყურებიან. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ბარიერი მინიმუმამდეა დასული, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე ძალაზე ვილაპარაკოთ, რომელმაც შეიძლება, შეძლოს კოლექტიური გარღვევა არა თავდაპირველად გამოცხადებული ერთიანობით, არამედ – მიღებული მხარდაჭერის ჯამური შედეგით. ეს არის აშკარა შანსი და საფუძველი იმისა, რომ გადავიდეთ მულტიპარტიულ მმართველობაზე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები