ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან – ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ – ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის პატივისცემის საფუძველზე.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.

განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება რუსეთისა და ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, გლობალური პანდემიის პირობებში. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივ დახურვაზე, რაც იწვევს ვითარების დესტაბილიზებას და მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგორისა გალის რაიონებში. მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს ადგილობრივებს არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე, რის გამოც, გასული წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაიღუპა.

მეგობართა ჯგუფის წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების გამო, ხაზს უსვამენ დაკავებულთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთა დაუბრკოლებელი დაშვების აუცილებლობას და ზაზა გახელაძის, ასევე, სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების საჭიროებას.

ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის წევრები მიესალმებიან საქართველოს მიერ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა და საქართველოს ცალმხრივ ერთგულებას მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, დაადასტუროს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს ამ ფორმატებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაყოფილ ხალხთა შორის კონტაქტებისა და ნდობის ხელშეწყობას. ისინი მიესალმებიან პროგრამის საწყის ეტაპზევე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების და მცირე გრანტების პროგრამის ამოქმედებას გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წასახალისებლად, რამაც უკვე აღძრა მაღალი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, მიესალმებიან უკეთესი მომავლის სამშვიდობო ფონდის შექმნას და გამოთქვამენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ მის იმპლემენტაციას.

ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ „განაგრძობენ ინფორმაციის მიღებას კონფლიქტის და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ, რუსეთს მოსთხოვენ ვალდებულებების შესრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერენ მხარს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები