ნათელა იანქოშვილზე გამოცემულ წიგნს ამჯერად ბრიტანეთში ეხმაურებიან

ალექსანდერ ადამსი (Alexander Adams) თანამედროვე ბრიტანელი მხატვარი, პოეტი და არტკრიტიკოსია, რომელიც ნაყოფიერად წერს ისეთი წამყვანი ბეჭდური და ონლაინ არტგამოცემებისთვის, როგორიც არის: The Art Newspaper, Appolo, The Critic, Spiked-Online, Standpoint, Burlington Magazine, British Art Journal, Printmaiking today, Cassone და სხვები.
ადამსის სურათები დაცულია ვიქტორია და ალბერტ მუზეუმის, უელსის ნაციონალური მუზეუმის (კარდიფი), უალკერ არტ გალერიის (ლივერპული), ვარნის (ბულგარეთი) ხელოვნების გალერიის კოლექციებში. ასევე ინახება ლივერპულის, უელსის, ნორთჰამბრიისა და ინდიანის უნივერსიტეტებში.
2018 წელს მან მიიღო ფრენსის ბეიკონის ფონდის (მონაკო) მიერ დაარსებული სტიპენდია.
ადამსი ხშირად აქვეყნებს რეცენზიებს ევროპისა და ამერიკის წამყვანი გამომცემლობების მიერ დაბეჭდილ წიგნებზე, რომლებიც გამოჩენილ მხატვრებს ეხება. წლეულს მან რეცენზიები მიუძღვნა: ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, პიტერ ბრეიგელ უფროსის, ვან გოგის, ჟან–მიშელ ბასკიას, სეზანის, ედგარ დეგას, ედუარდ მუნკის, მატისის, ეგონ შილეს, მარკ შაგალის შესახებ დაბეჭდილ წიგნებს.
გუშინწინ კი ალექსანდერ ადამსმა რევიუ გამოაქვეყნა ნათელა იანქოშვილის (1918–2007) ხელოვნებაზე, რომელიც მამუკა ბლიაძის წიგნით გაუცნია. „ნათელა იანქოშვილი – მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“ – ასე ჰქვია გერმანული გამომცემლობა Hirmer-ის მიერ დაბეჭდილ წიგნს, რომლის შეძენა „ამაზონის“ და „ვოთასტოუნის“ მაღაზიების ქსელში უკვე შესაძლებელია.
ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ადამსი პოსტსაბჭოთა ხელოვანზე აკეთებს არჩევანს. იგი საფუძვლიანად უღრმავდება წინამდებარე წიგნის ღირსებებს და მთავრ აქცენტს ქართველი მხატვრის ინდივიდუალიზმსა და არტისტულ სითამამეზე აკეთებს. ყურადღებას მიაპყრობს მისი ტექნიკის თავისებურებასა და სტილის მკაფიობას, რომელიც მხატვარმა რკინის ფარდის მიღმა დამოუკიდებლად განავითარა. ამასთან, აღნიშნავს, რომ იანქოშვილის ხელოვნება, თავისი გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიკული მომხიბვლელობით, ერთგვარ სიახლოვეს ავლენს 1970-იანი და 1980-იანი წლების გერმანულ, იტალიურ და ამერიკულ ნეოექსპრესიონიზმთან.
განსაკუთრებით ანგარიშგასაწევი და საგულისხმოა ბრიტანელი არტკრიტიკოსის რევიუს შემაჯამებელი შეფასება, რომელიც იანქოშვილის ხელოვნების გამძლეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს გულისხმობს:
„სიცოცხლისუნარიანობა, ჰუმანურობა და თავგანწირული ერთგულება პრინციპისა: ხელოვნება –ხელოვნებისათვის, არის ის, რითაც ნათელა იანქოშვილს შეუძლია, იქცეს შთამაგონებლად მომავალი მხატვრებისთვის, რომელთაც სურთ განერიდონ თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობების სტერილურ ცინიზმს“.

ქვემოთ გთავაზობთ ალექსანდერ ადამსის ორიგინალური ტექსტის ბმულს:

https://alexanderadamsart.wordpress.com/author/alexanderadamsart/

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები