რატი იონათამიშვილი: ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს

ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა, რომ 2024 წლიდან, სრულად პროპორციული არჩევნები ჩატარდება.

„ეს პასუხისმგებლობა პირველად „ქართულმა ოცნებამ” აიღო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე იქნება უცვლელი და ურყევი, იმიტომ რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულობაზე და განვითარებაზე ორიენტირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ საგაზაფხულო სესიის მიწურულს დავამტკიცეთ. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები და ასევე, საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. მნიშვნელოვანი არის ის ცვლილებები, რასაც ემსახურება ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, მოხდეს პრევენცია იმისა, რომ ვერავინ განახორციელოს ამომრჩევლის აქტიურ საარჩევნო ხმის უფლებაზე ზეგავლენა და ვერავინ გაბედოს ამ ქვეყანაში ამომრჩევლის, ჩვენი მოქალაქის დაშინება, იძულება, ან მისი ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ფაქტები სადმე იქნება, ამას მოყვეს აუცილებლად პროპორციული და სამართლიანი შეფასება და რეაგირება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი შეფასებით, რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც დღესაც არ ესწრება საკითხის განხილვას ამით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. „თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ, პოლარიზაციას და არავის მხრიდან პროვოცირებას. ამის შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტებისთვის იქნება ნული. ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის ფარისევლური „პიარ” აქცია, თვალთმაქცური საკანონმდებლო ცვლილებები, თვალებში ნაცრის შეყრის იაფფასიანი მცდელობა, პარტნიორების თვალში მართველი გუნდის იმიჯის გამოსწორება, საფრთხე, მაშინ, როდესაც ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები და კომენტარები იყო საკმაოდ პოზიტიური”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან გამოსვლისას, ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები გაიხსენა. „დისკუსიის დროს არა ერთხელ გამოვხატეთ სურვილი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რათა მუქარისა და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს და თუ ამ კანონს შეუძლია დახმარება მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად”, – ეს არის კარლ ჰარცელის განცხადება.

„საარჩევნოდ ყველა რეფორმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველთა ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოში არაერთხელ ვნახეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხადია, იქნება წინგადადგმული დადებითი ნაბიჯი, ხოლო შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ წესების ამოქმედება”, – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადება, აღნიშნა მომხსენებელმა. .

მისი თქმით, „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები გამოირჩევა დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და ხარისხით და ეს რომ ასეა, ყველაზე მეტად დამოუკიდებელი არბიტრების განცხადებებიდან ჩანს. რატი იონათამიშვილმა სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებული შეფასებები გაიხსენა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებული გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო”.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობას და ხალხს 2017 წელს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც იყო კარგად ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა”.

რიჩარდ ნორლანდის განცხადება.

„27 ოქტომბერი იყო ისტორიული დღე, საქართველოს დემოკრატიისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის”.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება:

„საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოზიციას. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი”.

„ეს არის ის ისტორია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჰქმნის „ქართული ოცნების” გუნდი და ჩვენ ამ სტანდარტს დავიცავთ მომავალშიც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით, რადგანაც მიღწეული არასდროს არის საკმარისი. ჩვენი ჯანსაღი ამბიცია არის რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიულობისა და გამჭვირვალეობის, მშვიდი გარემოს პირობებში ტარდებოდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები