გიორგი გახარია: ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რათა ამ სერვისებისთვის სრული დაფინანსება ჰქონდეს
“ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებს კი 15000 ლარის ნაცვლად, 23 000 ლარი დაუფინანსდებათ.
„მეგობრებო, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა.
საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.
ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.
ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიისა და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფისა და სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის“, – წერს პრემიერმინისტრი.