დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა “ნიანგის ცრემლებმა” ყველა კითხვას გასცა პასუხი, ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას

„სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა”, ალბათ, ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. აქ მე ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წელს გამოიდევნა – მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ წართმეულ ბიზნესს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ არაერთი განაჩენით დაადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის ფაქტი. ამ რიგშია რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახები, ისინი დღემდე ითხოვენ შესაბამის პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ – დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა.
​მე მინდა, მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ, უკვე ყველა კითხვას გაეცა, კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას, კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არცერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალის იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად, რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები