დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე

“მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომლითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მათიკაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალი დანაშაულებების, რომლებიც სისხლის სამართლის წესით ისჯება.

„პირველივე დღეს არ მინდოდა მკაცრი ტონით ნეგატიურ საკითხებზე საუბარი, მაგრამ სააკაშვილის მდარე დრამატურგიასა და ნიანგის ყალბ ცრემლებს სათანადო პასუხი სჭირდება. ამ სიყალბეს უნდა დაესვას წერტილი. მინდა, სააკაშვილის პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს მივმართო. ყველა კითხვას გაეცა პასუხი, თავად ნახეთ საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები. მინდა, შეგახსენოთ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და იქ არის ჩამონათვალი დანაშაულებების, რომლებიც სისხლის სამართლის წესით ისჯება და ისჯება მკაცრად. იქვეა გამიჯნული, რა დანაშაულია და რა შეცდომა. შეცდომა არ არის ადამიანი მოკვლა და ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მესაკუთრებისთვის წართმევა, შეცდომა არაა საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპანტებისთვის ჩაბარება, ეს დანაშაულია და ამ დანაშაულზე ყველა მისმა ჩამდენმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაში, თითოეული ოჯახის წინაშე, რომელთა მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის წევრებს მიუძღვით დანაშაული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები