რუსული მედიის ერთი ნაწილისა და ადგილობრივი ბლოგერების მტკიცებით, პუტინის მმართველობა დასასრულს უახლოვდება. თუ მათ დავუჯერებთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე უარს უკვე 2021 წელს იტყვის.
ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი პუტინის წასვლის კონკრეტულ დროსაც ასახელებს. მისი მტკიცებით, მომავალი წლის გაზაფხულზე, კერძოდ, მარტში რუსეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. სოლოვიოვის მოსაზრებით, გარკვეული კორექტივები დროში შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიტანოს.
ბაიდენისა და დემოკრატების გამარჯვება პუტინის წასვლას დააჩქარებს, ხოლო თუ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ტრამპი შეინარჩუნებს, პუტინის ჩანაცვლება შესაძლოა, დროში გაიწელოს. თუმცა, როგორც სოლოვიევი ამტკიცებს, პუტინის წასვლა გადაწყვეტილია და ამის მთავარი მიზეზი მისი ჯანმრთელობაა.
რა აწუხებს პუტინს, არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც სოლოვიოვი აცხადებს, წამლებმა და მკურნალობის იმ კურსმა, რომელიც პუტინს უტარდება, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მოკლედ, როგორც რუსული მედიის ერთი ნაწილი წერს, უკვე პუტინის მემკვიდრეებიც შერჩეულია. როგორც ირკვევა, ძალოვნები, ანუ როგორც იქაური მედია წერს, „ხალხი ფორმაში“ მხარს მოქმედ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უჭერს.
პუტინის გარემოცვის მეორე ნაწილის, ანუ “სამოქალაქოების” კანდიდატი პრემიერი მიხეილ მიშუსტინია. პუტინის დასასრულის დასაწყისზე საუბრობს მისი თანაკურსელი და სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, იური შვეციც. მისი მტკიცებით, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა ერთგვარი სპეცოპერაცია „მემკვიდრე“, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეფი, ნიკოლოზ პარტუშევი ხელმძღვანლობს.
შვეცის მტკიცებით, ძალოვნები პატრუშევის ხელმძღვანლობით „კრემლის ლიბერალებს“, ანუ მიშუსტინის ხალხს დაუპირისპირდნენ. ოპერაციის „მემკვიდრე“ ფარგლებში, ФСБ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ( CIA ) პუტინზე მაკომპრომეტირებელი ხასიათის ინფორმაციას აწვდის, საუბარია აგრეთვე კრიტიკულად მნიშვნელოვან ცნობებზე კრემლის გეგმების შესახებ.
თუ შვეცს დავუჯერებთ, ოპერაცია „მემკვიდრე“ ორი მდგენელისაგნ შედგება – საგარეო და საშინაო. საგარეო საქმიანობის ამოცანაა, არ ჩაერიოს დასავლეთი და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკა რუსეთის შიდა პროცესებში. ამისათვის დასავლეთს არწმუნებენ, რომ პუტინი არაადეკვატურია და თითქოს ის აპირებს, თავს დაესხას NATO-ს წევრ ქვეყანას (სავარაუდოდ, ბალტიისპირეთი). საუბრობენ ასევე ბელორუსსა და უკრაინაში სამხედრო კონფროტაციის შესაძლებლობაზე.
„ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ იგი ( პუტინი) ხელისუფლებას და გადავარჩინოთ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისაგან“, – შვეცის განცხადებით, სწორედ ეს არის პატრუშევისა და მისი თანამოაზრეების გზავნილი.
იმავე შვეცის მტკიცებით, შიდა ასპექტი ოპერაციისა დაკავშირებულია მოსალოდნელ მასობრივ პროტესტებთან რუსეთში, განსაკუთრებით – ბელარუსის მოვლენების შემდეგ. სპეცოპერაციის ნაწილად განიხილება, ასევე, რუსი ბლოგერისა და ოპოზიციონერის, ნავალნის მოწამვლაც. შვეცისა და სოლოვიოვის ვერსიით, ნავალნის ლიკვიდაცია სწორედ შოუგუს მომხრეებმა დაგეგმეს და განახორციელეს.