რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს აქვს მაღალი სანდოობა არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან

„სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები არსებობდეს და მტკიცებულების სტანდარტი მაღალი იყოს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტვ “რუსთავი2″-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს ,,საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შედის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება.

„რაღაც ნაწილს კი სჭირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, რადგან ეს არის ფუნდამენტური უფლება. აქედან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი პარტნიორის – აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების” გუნდის მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს აქვს მაღალი სანდოობა არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვხედავდით „ნაციონალურ მოძრაობას”, როგორი აგრესიული და სიძულვილის ენით განმსჭვალული საარჩევნო კამპანია ჰქონდა. ეს არის მათი ორგანული ნაწილი და სხვაგვარად არ შეუძლიათ. რაც შეეხება რეაგირებას, ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ დროს, თუკი სადმე იყო შეხლა-შემოხლა (თუმცა ეს იყო მინიმალური შემთხვევები), სამართალდამცავებს ყოველთვის ჰქონდათ პროპორციული და სამართლიანი რეაგირება. დღეს ის ,,ნაცმოძრაობა” გვესაუბრება, რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე სპეცრაზმი გამოიყვანა ხმების გასაყალბებლად. მათ მიმართ მოსახლეობის პროტესტი იმდენად დიდი იყო და უკვე იმდენად ხელმოცარულები იყვნენ, რომ ფარულობის დარღვევის, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად, ვერ შეძლეს ზეგავლენის მოხდენა საარჩევნო პროცესზე და სწორედ ამიტომ გამოიყვანეს სპეცრაზმი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები