ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, არჩევნების დროს, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს

„ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა. ჩვენ შევძელით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა. სწორედ, „ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეძლო ის, რომ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ შევძელით გენდერული კვოტირების საკითხის შემოღება, რომელმაც მნიშვნელოვანი გარღვევა უნდა მოახდინოს ქალთა ჩართულობის მხრივ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ შევძელით ის, რომ საარჩევნო კოდექსში შევიტანეთ ეუთო/ოდირის ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია და ცვლილება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო ჯანსაღი, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრო ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” გუნდს უკავშირდება საარჩევნო კოდექსში პროგრესული ცვლილებები და მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს არჩევნები ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდეს.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, რათა არც ერთ ისეთ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელთა ინტერესიც არ არის ქვეყნის სტაბილურობა, რომელთა ინტერესიც არ არის ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა, მათ არ მივცეთ არც ერთი ისეთი მოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას დააზიანებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო მონიტორები დააკვირდებიან, რომ არც ერთი უკანონო თუ სხვა ტიპის ქმედება არ შერჩეს არც ერთი პარტიის წარმოდგენელს და ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც ევროკავშირის ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა საქართველოში, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი სატელიტი პარტიებისთვის, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს არა მხოლოდ „ქართული ოცნების” არამედ, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, ევროკავშირის პოზიცია და მათი დამოკიდებულება. ჩვენ ვიღებთ გარანტიას და პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიის სტანდარტით. ამის გარანტი იქნება „ქართული ოცნება”. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ არჩევნების დროს, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები