ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდა იმ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ხშირად ჟღერდება, მაშინ იქნება საშიშროება იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია გავრცელდეს.

ამასთან, მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, არავითარი საშიშროება იმისა, რომ ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.

„მინდა, მოვუწოდო კიდევ ერთხელ მოსახლეობას, ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან ჩვენ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, დავამარცხეთ თითქოს კოვიდი. არ დაგვიმარცხებია. თვითონ ეს რიცხვებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომლებსაც ხშირად ვაჟღერებთ და შეიძლება, მოსახლეობას მოვაბეზრეთ თავი, მაშინ იქნება საშიშროება, რომ ინფექცია გავრცელდეს ქვეყანაში. ეს ელემენტარული რეგულაციები არის, პირველ ყოვლისა, პირბადის ხმარება. ყველაზე კარგი პრევენციული საშუალება არის პირბადის ტარება როგორც სიმპტომებიან, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრივ. უმორჩილესი თხოვნაა, რომ დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ პირბადე, მაღაზიებშიც აღარ ატარებენ უკვე, მოეშვნენ. ასევე ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ იცავენ დისტანციას, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ – პირბადე და დისტანცია, ეს არის კოვიდთან ბრძოლის მთავარი იარაღი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ “ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსის დადასტურებულ ფაქტზე ისაუბრა და განმარტა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე – შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდანაც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე, ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები