რუხის კლინიკაში კოვიდინფექციის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი მოათავსეს

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში გვიან ღამით, კოვიდინფექციის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი მოათავსეს.

როგორც რუხის კლინიკის მენეჯერი მაიკო ჯანაშია აცხადებს, ერთერთი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია, ხოლო მეორე პაციენტი თბილისიდან სტუმარი.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ დაგვემატა ორი შემთხვევა, აქედან ერთი არის აფხაზეთიდან შემოსული ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი, გვიან ღამით მივიღეთ ახალგაზრდა ქალბატონი. ორივე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, მათ უტარდებათ დანიშნული კვლევები და ზოგადი მდგომარეობის შესახებ დღის ბოლომდე გვეცოდინება“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

ჯანაშიას ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 კოვიდინფიცირებულია, საიდანაც სამი ე.წ. ლენჯერის კლასტერს ეკუთვნის.

29 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა, საიდანაც ერთი დადებითია, ხოლო დანარჩენი 268 ნიმუში უარყოფითი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1469 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1221-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები