პანდემია, რუსი სამხედროების პრივილეგიები და სასურსათო კრიზისი – ვითარება „დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთში“

მეხუთე თვეა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა კარანტინის პირობებში ცხოვრობს. ჩაკეტილი საზღვრები, სასურსათო დეფიციტი და პოლიტიკური არასტაბილურობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოველდღიურობად იქცა.

ადგილობრივების განცხადებით, განსაკუთრებით გაუსაძლისი რუსეთის ფედრეაციასთან ჩაკეტილი საზღვარია, ყველა თანმდევი პრობლემით.

ამჟამად „ნიჟნი ზარამაგის“ გამშვეპ პუნქტზე ე.წ. რესპუბლიკის მცხოვრებლებს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუძლიათ გადაადგილება. ისინი, ვინც ასეთ საშვს მიიღებს „რესპუბლიკაში“ შესვლისას ვალდებულნი არიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ, თუმცა, ეს არ ეხებათ,რ სამხედროებს. „რესპუბლიკის“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, ივლისში რუსეთის მხრიდან საზღვარი 2 195 ადამიანმა გადმოკვეთა და აქედან კარანტინი მხოლოდ 207 მათგანმა, ანუ 10-მა პროცენტმა გაიარა.

ე.წ. პრემიერ-მინისტრის ერიკ პუხაევის განცხადებით, მათი თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ქვეყანაში კარანტინის გვერდის ავლით მოხვდა, რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები არიან. კარანტინის გარეშე შედიან „რესბუბლიკაში“ რუსი დიპლომატებიც. როგორც ე.წ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე პლიევი აცხადებს, COVID- 19 -ის 89 შემთხვევიდან რესპუბლიკაში ყველა იმპორტირებულია და უმეტეს შემთხვევაში, ინფექციის წყარო  რუსი  სამხედროები არიან.

პლიევის თქით, რუსული ბაზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ  „კამანდიროვკიდან“ დაბრუნებულები ბაზაზე კარანტინს გადიან, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ის, ვინც კარანტინში უნდა იყოს, მთელს „რესპუბლიკაში“ შეუზღუდავად გადაადგილდება. პლიევის განცხადებით, ასეთი უსამართლობა ადგილობრივების გაღიზიანებას იწვევს და მათი გულისწყრომა “ხელისუფლებას” ზიანს აყენებს.

„ძნელია მოსახლეობას აუხსნა, თუ რატომ არსებობენ პრივილეგირებული ჯგუფები და თუ ასეთ პირობებში რატომაა ჩაკეტილი საზღვარი, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად სურსათის გარეშეა დარჩენილი“, – აცხადებს პლიევი.

ადგილობრივების თქმით, პრობლემას ქმნის, ის გარემოებაც, რომ პენსიონრები კუთვნილი პენსიის განაღდებას ვერ ახერხებენ.

როგორც „პარლამენტარი“ დავით სანაკოევი აცხადებს, პენსიის ასაღებად მხოლოდ «Мир» -ის საკრედიტო ბარათია გამოსადეგი, მაშინ, როცა ადგილობრივებს Visa და Mastercard-ი აქვთ.

მომდინარე წლის 20 აგვისტოს „პარლამენტის” 11- მა დეპუტატმა    განაცხადა, რომ „რესპუბლიკაში“ სურსათის დეფიციტია და ასეთი მძიმე ვითარება ბოლო 12 წელია არ ყოფილა. როგორც სანაკოევი აცხადებს, სასურსათო დეფიციტს საკარანტინო შეზღუდვების გარდა ახალი საბაჟო კანონმდებლობაც ამწვავებს.

„მაღაზიის დახლები ცარიელია “ხელისუფლებას”  პრობლემის მოგვარება არ შეუძლია“, -აცხადებს სანაკოევი.

 მისი თქმით, ადრე რუსეთთან გამარტივებული საბაჟო ურთიერთობები ჰქონდათ, თუმცა მას   შემდეგ, რაც „რესპუბლიკა“ საბაჟო კავშირს შეუერთდა, პრობლემები შეიქმნა.

ადგილობრივი ბიზნესმენების განმარტებით, განბაჟება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა მნიშვნელოვნად გართულდა. გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები და დრო რომელიც საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სჭირდება.

სასურსათო კრიზისის გარდა, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები და მედიკამენტებიც არ ჰყოფნით. როგორც ცხინვალელი პედაგოგი დინა ალბაროვა აცხადებს, მედიკამენტების მოძიება სულ უფრო რთულდება.

„დედაჩემს ყოველდღიურად ნეულეპტილის მიღება სჭირდება. მთელ ქალაქში ერთი კოლოფის შოვნა ძლივს მოვახერხე. ასეა თითმის ყველა მედიკამენტთან დაკავშირებით. წამლების დეფიციტთან ერთად ფასებმაც მოიმატა. ზოგიერთი პროდუქტი თითქმის 3 ჯერ, 4-ჯერ გაძვირდა“, – აცხადებს დინა ალბაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები