არსებობს თუ არა შეზღუდვები და სახელმწიფო რეგულაციები ტურისტული სააგენტოებისთვის საქართველოში

ზუსტად რამდენი ტურისტული სააგენტო მოქმედებს დღეს საქართველოში, არავინ იცის. სააგენტოების დიდი ნაწილი დარეგისტრირებულია ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გვერდზე. ნაწილი კი ყოველგვარი რეკლამისა და რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებს და ჰყავს საკუთარი კლიენტი.

როგორ ფუნქციონირებენ, რა სახის გადასახადს იხდიან ბიუჯეტში და ექვემდებარებიან თუ არა სახელმწიფო რეგულაციებს ტურისტული სააგენტოები, ამის შესახებ ,,კვირა“ ,,მოლაშქრეთა ფედერაციის“ დამფუძნებელს, ბექა ბუხრაშვილს ესაუბრა:

– არსებობს თუ არა კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დააფუძნო ტურისტული სააგენტო და არსებობს თუ არა რაიმე მაკონტროლებელი მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან ტურისტული სააგანტოებისთვის?

– არანაირი კანონი არ არსებობს. ვისაც ტურისტული სააგენტოს დაფუძნება სურს, საკმარისია, დაარეგისტრიროს შპს, ყოველგვარი პროფილის გარეშე. მაგალითად, თუ გაქვს შპს „პურის საცხობი თონე“, შეგიძლია გქონდეს ტურისტული კომპანიაც, მთავარია სახელმწიფოს გადასახადები უხადო.

– არც ის მოწმდება, როგორი მანქანებით ხდება ტურისტების გადაადგილება, მძღოლის ფიზიკური მდგომარეობა ან ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა საკითხები?

– არა, რა თქმა უნდა. კორონავირუსის დროს იყო შეზღუდვები ტრანსპორტზე. მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ 2 ტურისტის განთავსება შეიძლებოდა, ,,მინი ვენში“ – 4 ადამიანის, 22 – ადგილიან მიკროავტობუსში -11 ადამიანის, ხოლო 45- ადგილიან ავტობუსში მხოლოდ 22 ტურისტის განთავსება შეიძლებოდა. ესაა და ეს. არავინ ინტერესდება, გადაკეთებულია თუ არა ქარხნულად დამზადებული ავტომობილი, ამოქოლილია თუ არა საავარიო გასასვლელები, აქვს თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ატრიბუტიკა და ასე შემდეგ.

– როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ არცერთი ტურისტული სააგენტოს მუშაობას სახელმწიფო არ აკონტროლებს?

– თუ ტურისტი ერთი ადგილიდან მეორემდე მიგყავს, კაციშვილი გზაზე არ გადაგეღობება და არ გაგაჩერებს. მე თუ მკითხავ, ასეც უნდა იყოს, რაც მეტი რეგულაცია დაწესდება სახელმწიფოს მიერ ტურისტულ სფეროზე, მით მეტად შეფერხდება ტურიზმის ბიზნესი.

– თქვენი აზრით, ვისი ბრალეულობა იკვეთება ხევსურეთში მომხდარ ტრაგედიაში?

– არსებობს მსოფლიო ტურიზმის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორს ეკრძალება, ტურისტი ფეხით ატაროს 9 საათზე მეტი. მე ჩემს ტურისტებს 6-7 საათზე მეტი ფეხით არ ვატარებ. არის შეზღუდვები საავტომობილო ტრანსპორტისთვისაც. მიღებულია, რომ ტურისტი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 10 საათი შეიძლება ატარო საავტომობილო ტრანსპორტით. ხევსურეთში, ურთულეს გზაზე, ერთ დღეში აიყვანო და ჩამოიყვანო ტურისტი 40 ლარად, ძალიან დაბალი დონის ტურია და ტურისტი რომ ვიყო, ასეთ სარისკო მოგზაურობაში მონაწილეობას არ მივიღებდი. მე თუ მკითხავთ, ამ ტრაგედიის შემდეგ თავად ტუროპერატორებმა უნდა იზრუნონ ტრანსპორტის ხარისხზე. არ დაუშვან ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების დაქირავება, რომელიც ძალიან იაფი კი უჯდებათ, მაგრამ ტურისტის უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე მაინც უპირველესი უნდა იყოს ყველასთვის.

– როგორ ხდება სააგენტოების რეკლამირება, სად პოულობს სააგენტო პოტენციურ კლიენტს, თუ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გვერდზე არ ფიქსირდება?

– ძირითადად, სააგენტოებს სურთ დარეგისტრირდნენ ეროვნული სააგენტოს გვერდზე, რადგან უცხელი ტურისტების დიდი რაოდენობა სააგენტოებს სწორედ ამ გვერდზე ეძებს. მათ, ვინც არ თანამშრომლობს სააგენტოსთან, საკუთარი კლიენტი ჰყავთ და მათი საქმიანობაც იმდენად სპეციფიკურია, რომ დამატებით რეკლამას არ საჭიროებს. მაგალითად, სათხილამურო ტურები, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული ტურისტები, საფეხმავლო ტურები და სხვა ვიწრო ინტერესების ტურისტული მარშრუტები. ეს სფერო ჩაკეტილ წრესავითაა, ყველა ყველას იცნობს და ხანდახან ერთმანეთსაც უგზავნიან კლიენტებს.

– საერთაშორისო ვებგვერდებზე თუ იდება ინფორმაცია ქართული ტურისტული სააგენტოების შესახებ?

– არსებობს მსოფლიოში ცნობილი საიტი ,,ტოპ ედვაიზერი“, სადაც პიარდება სასტუმროები და კვების ობიექტები სხვადასხვა ქვეყანაში. შემდგომ მათი რეიტინგები ტურისტების შეფასებებით დგება და მომავალი ტურისტებისთვის ძალზე საინტერესოა, მოგზაურობის დაწყების წინ, სხვა ტურისტების შეფასებები.

– ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან საქართველოში, თუმცა  სააგენტოთა უმრავლესობას მაინც ,,იაფი“ ტურისტი მოსწონს?

– ასეც ვერ იტყვით. ,,იაფი“ ტურისტი მოდის, ძირითადად, რუსეთიდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და არაბეთიდან. მათი მოთხოვნები მინიმალურია – საწოლი, ცხელი წყალი და ელემენტარული საჭმელი. როგორიცაა მოთხოვნა, ისეთივეა მიწოდება. ქვეყანა მზადაა მომსახურება, გაუწიოს მეტ ,,იაფ“ ტურისტს, ვიდრე ძვირიანს.

– რას ითხოვენ ,,ძირიანი“ ტურისტები?

– უპირველეს ყოვლისა,  კარგ ტრანსპორტს, მაღალი დონის სასტუმროს და მაღალი დონის რესტორანს, გემრიელ  და ეგზოტიკურ საკვებს. ასეთები, ძირითადად, ევროპიდან ჩამოდიან, ბევრ ფულს ხარჯავენ და შესაბამის მომსახურებასაც ითხოვენ. მათი მოთხოვნების მიხედვით, ტურისტულ სააგენტოებსაც, რესტორნებსაც და სასტუმროებსაც სტანდარტზე მოთხოვნა გაეზარდათ. მე თუ მკითხავთ, ქართულ რესტორანთა უმრავლესობაში ახლა ისე აფორმებენ კერძებს, რომ „ჰაი კლასის“ უცხოურ რესტორნებსაც შეშურდებათ. როგორც ქართულ ღვინოს გაეზარდა მოთხოვნა ხარისხზე, როდესაც რუსული ბაზარი დაიკეტა, ასევე მოხდა ტურიზმის სფეროში. გინდა მეტი ,,ძვირიანი“ ტურისტი? იმუშავე ხარისხზე!

– თუმცა უამრავი ევროპელი ტურისტი მიდის  ხევსურეთის, თუშეთის, სვანეთის  საოჯახო სასტუმროებში,  რომლებიც ვარსკვლავების რაოდენობით ვერ დაიკვეხნის.

– მართალია, მაგრამ ტურისტი ასეთ ადგილებში სამოგზაუროდ რომ მიდის, დაბალი მოთხოვნებისთვისაც მზადაა, თუმცა არა კულინარიულ სფეროში. მთაში ევროპელი ტურისტი ელოდება ოჯახურ გარემოს და ნატურალურ პროდუქციას, რომელიც გლეხს ამ მიწაზე მოჰყავს, გარდა ამისა – ფოლკლორთან ზიარებას მყუდრო გარემოში და ეგზოტიკურ საკვებს. სვანურ და ხევსურულ კოშკში განთავსებული ფრანგი და ინგლისელი არ ელის, რომ იქ ვინმე მივა და ფეხსაცმელს გაუპრიალებს.

– ერთი დიდი პრობლემაა გიდების კვალიფიკაცია საქართველოში. ვინ ამოწმებს მათ მუშაობას?

– გიდის კვალიფიციურობის შემოწმება შეუძლებელია. მართალია, არსებობს სპეციალური სასწავლო დაწესებულება, რომელიც, სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, გიდს კვალიფიკაციას ანიჭებს და სერტიფიკატს აძლევს, თუმცა  ხშირად ისეც ხდება, რომ თუ ტურისტულ სააგენტოში მოდის ფილოლოგიური ან ისტორიული განათლებით გიდობის მსურველი, მას სააგენტო უპრობლემოდ იყვანს. ვერავინ გაჰყვება გიდს მთელი დღე ტურში და ვერ დაიწყებენ მისი მუშაობის გადამოწმებას.

– შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საქართველოს ისტორია სრულიად დამახინჯებულად მიაწოდონ უცხოელ ტურისტებს?

– ხშირად ასეც მომხდარა. ერთხელ ყაზბეგში, გერგეტის სამებაში ვიყავი და ყური მოვკარი, რუსულენოვანი სომეხი წარმოშობის გიდი ტურისტებს როგორ ეუბნებოდა: ეს რა არის, თქვენ არარატი არ გინახავთ, გაცილებით უკეთესიაო.

ია დანელია

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები