გიორგი ვაშაძე: ჩვენ გვქონდა შეთანხმება და ამ შეთანხმებას არღვევს „ნაციონალური მოძრაობა”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებული იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის წარდგენით არღვევს. ამის შესახებ ვაშაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაა, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები.

„ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს „ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს”,-წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები