არჩილ თალაკვაძე: მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა
„მსოფლიო ბანკის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ზუსტად ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბრძოლა კორუფციასთან არის ის მიმართულება, სადაც „ქართულმა ოცნებამ”, ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე ხელშესახები პროგრესი უზრუნველყო. ეს არის ნათქვამი მსოფლიო ბანკის დასკვნაში, სადაც საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნის რეიტინგშია ამ მაჩვენებლით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავატარეთ ეფექტური რეფორმები, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰყავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, ეს ნიშნავს იმას, რომ ანტიკორუფციული სამსახური, სამართალდამცავები ეფექტურად ებრძვიან კორუფციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს ეფექტური და თანამდეროვე კანონმდებლობა კორუფციის წინააღმდეგ. რასაკვირველია, მიუხედავად ამ დადებითი დასკვნისა, ჩვენ ვთვლით, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის მუდმივი ამოცანა და რა თქმა უნდა, მომავალშიც არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით, კორუფციულ დანაშაულთან არ იქნება”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგი ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას და საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ეუბნებოდა სიმართლეს, რომ საქართველოს აქვს კორუფციის დაბალი დონე.
„წინა წლების, ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრძოლა კორუფციასთან არის უკომპრომისო და ვამბობდით, რომ კორუფციული დანაშაულის ადგილი ჩვენს სახელმწიფოში და ჩვენს საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს. ვამბობდით, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით. ასევე გახსოვთ რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი, ძველი ოპოზიცია განსაკუთრებით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვაკრიტიკებდა და ხალხს ეუბნებოდა, რომ საქართველოში ამ წლების განმავლობაში კორუფციის დონე არის გაზრდილი და კორუფციის მხრივ სიტუაცია არის გაუარესებული. დღეს, როდესაც საერთაშორისო ავტორიტეტული დასკვნა გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმა, რომელიც პრინციპში ადასტურებს ჩვენს, როგორც პოლიტიკური გუნდის და როგორც ხელისუფლების პოზიციას, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ვეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს სიმართლეს, რომ საქართველოს მართლაც აქვს კორუფციის დაბალი დონე და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ შემდეგ წლებშიც”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.