უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო – 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში; 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში, სადაც ამ ეტაპზე საყოველთაო ტესტირების ბოლო ფაზა მიმდინარეობს – საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, დაბა მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელია შენარჩუნდეს ეტაპობრივი მიდგომები მობილობის შესამცირებლად, რაც საერთაშორისო მაგალითებით დასტურდება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გაიხსნება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით – 1 ოქტომბრიდან. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან, სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს კინოთეატრებისა და თეატრების გახსნას შეეხება – მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები ასევე, 2 კვირის ინტერვალით – 1-ლი ოქტომბრიდან.

დღესვე, საბჭოს სხდომაზე ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ზღვისპირა კურორტებზე აქტიური ტესტირება გრძელდება. აღინიშნა, რომ შექმნილია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო ტესტირება Covid-19-ზე.

უწყებათაშორისი საბჭო ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ ტესტირება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1436 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1150 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6010 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 236 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საკოორდინაციო საბჭო, საზოგადოება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები