გია ვოლსკი: “NDI”-ის ანგარიშში საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით “NDI”-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა.

ვოლსკის თქმით, ანგარიშში, საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა.

„საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, „ენდიაის“ ანგარიშში პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა. ძალიან უხეში ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაყიდვის, გასხვისების საკითხს და თუკი საჭიროა, დროებითი მმართველიც უნდა შეიყვანოს იმ ორგანიზაციაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ყიდის სხვა სახელმწიფოზე, ელექტრონული კომუნიკაციები მაქვს მხედველობაში.  ამან შეიძლება უდიდესი ზიანი მოუტანოს ქვეყანას, მაგრამ არანაირი კავშირი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს მედიასთან, მედიის თავისუფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და მათ დოკუმენტში სწორედ ასეა წარმოდგენილი ეს ვითარება და ეს კანონი. ეს მავნებლობაა. რასაკვირველია, ასეთი არასწორი ინფორმაციის მიწოდება იმით არის განპირობებული, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “NDI”-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია – “არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები