ნიკა მელია: ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ

“ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად მხარს მკაფიოდ ვუჭერთ, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ, გაფორმდება შეთანხმება, რომ ოპოზიციური პარტიები “ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებენ.

“ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპოზიციიდან თავმოყრილი და ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ დავაყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, დეკლარაციის შემუშავება ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, თავშიც არ უნდა გაივლოს ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომ შესაძლებელი იქნება არჩევნებზე ხმების გაყალბება, ვინაიდან მათ ხელში ბამბაც კი იჩხრიალებს 2020 წლის 31 ოქტომბერს. ჩვენ ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ერთმანეთთან და კიდევ უფრო მთავარი შეთანხმება, რაც დარწმუნებული ვარ, მოხდება უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში, ყველა ოპოზიციური დემოკრატიული ძალა შევთანხმდებით ერთობლივად და ეს აისახება საერთო დეკლარაციაში, რომ არავინ ითანამშრომლებს არადემოკრატიულ ძალასთან – “ქართულ ოცნებასთან” და მის ოლიგარქთან, ეს არის უმნიშვნელოვანესი”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდუბე- ჩუღურეთში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, საბურთალოს ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები